"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხოლოდ ორი გზა არსებობს და ეს არის ან ომის, ან შერიგების გზა.
როგორც დავითულიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, შეცდომების აღიარებისა და ერთმანეთის მიტევების გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ალტერნატივა არ აქვს.
"მგონი, ნამდვილად მარტივად არის საქმე. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გზა, ერთი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის გზით, მეორე არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობის გზით. ვინც ეწინააღმდეგება მშვიდობის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ის ავტომატურად გულისხმობს, რომ ომის მომხრეა, სხვა ალტერნატივა აქ არ არსებობს.
მშვიდობას, რა თქმა უნდა, სჭირდება მიტევება და შერიგება. შესაბამისად, ამ ადამიანებს უნდა დავუსვათ კითხვა - საჭიროა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობით თუ ძალისმიერი მეთოდებით.
თუ ამას ფიქრობენ, მაშინ, თქვან პირდაპირ და თუ ამას არ ფიქრობენ, ერთმანეთის მიტევების, შენდობის, შეცდომების აღიარებისა და შერიგების გარდა სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.
ხმაურს ტეხენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ იციან, ამ შერიგების პროცესში მოხდება გადაფასება, ბევრი ადამიანის სუბიექტური სურვილია, რომ არ მოხდეს გადაფასება, რადგან იქ მათი დანაშაულიც გამოჩნდება", - განაცხადა ბექა დავითულიანმა "დღის კურიერში" საუბრის დროს.