"მე ველოდები იმას, რომ რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, უფრო და უფრო მძიმე ნაბიჯები იქნება იმისთვის, რომ დამძიმდეს სიტუაცია და რამენაირად "ქართულ ოცნებას" გაუფუჭონ ფონი," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რითაც აშშ-ის მიერ ამოქმედებულ სანქციებს გამოეხმაურა.
დავითულიანი საქნქციებს არჩევნების მოახლოებას უკავშირებს. მისივე თქმით, ეს არ გამოიღებს შედეგს და კონტრპროდუქტიული იქნება.
"გვისაუბრია იმ სცენარზე, რომ გარე და შიდა ძალებს სურთ არეულობის მოწყობა, არჩევნების უგულებელყოფის ხარჯზე ერთგვარი გადატრიალების მოწყობა. ამ სცენარში, რა თქმა უნდა, გარე აქტორები ხედავენ რა, რომ ძალა შიდა ოპოზიციას არ აქვს, რომ ხელისუფლება მოიპოვონ კანონიერი თუ უკანონო გზით, შესაბამისად, ისინი ცდილობენ გარედან დაეხმარონ. ამიტომ, კი, მე ველოდები, რომ რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, უფრო და უფრო მძიმე ნაბიჯები იქნება იმისთვის, რომ დამძიმდეს სიტუაცია და რამენაირად "ქართულ ოცნებას" გაუფუჭონ ფონი. მაგრამ ეს არ გამოიღებს შედეგს, ეს უკვე კონტრპროდუქტიულია მათი მხრიდან, იმიტომ, რომ უბრალოდ ძალიან უსამართლოა.
საბოლოო სცენარი ხომ ეს არის, თავის დროზე მათ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციით, რომ რამე გადატრიალება მოეწყო. სავარაუდოდ, ვინც ეს გააკეთა, მან იცოდა, რომ დიდი ომი იქნებოდა ჩვენს რეგიონში. ეს დიდი ომი რომ დაიწყო, მეორე დღიდან სრულიად უსამართლოდ, ისე რომ ჩვენზედ არავინ არ იფიქრა, დაიწყეს გარკვეული მოთხოვნების წაყენება. ამ მოთხოვნებს რომ არ ავყევით, დაიწყეს დასჯა, სრულიად უსამართლო და არაობიექტური. არცერთი ობიექტური ფაქტორი არ არსებობდა იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" უკრაინა-მოლდოვაზე წინ ვერ მიღო სტატუსი.
თუ რამე ნაბიჯს გადადგამენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე გამძაფრდება და რაც შეუძლიათ, იმ ქმედებებს განახორციელებენ, რომ არჩევნების შედეგზე ზეგავლენა იქონიონ ქვეყნის გარედან, თუმცა მაინც ვერ მიიღებენ სასურველ შედეგს. პირიქით, რომ დასრულდება ეს არჩევნები ჩვენი გამარჯვებით, იქნება ცოტა მიტინგი, ცოტა შეკრება რაღაც, მაგრამ გამარჯვება დარჩება "ქართული ოცნების" მხარეს და მათ მოუწევთ ამ შედეგთან შეგუება," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.