19 სექტემბერი 2024,   14:03
ვრცლად
პრემიერის სიტყვებში ნათლადაა ჩამოყალიბებული ის წუხილი, რომელიც ჩვენს მხარეს აქვს - ირაკლი ქაგადიშვილი

საქართველო და ქვეყნის მეთაური ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატებისგან პასუხებს ითხოვს ღია კითხვებზე, სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო. საუბარია საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრა გუშინ გამართა.

პრემიერმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და გამოთქვა შეშფოთება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო. აღინიშნა, რომ, ამ გადაწყვეტილებით, ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრ-პროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქაგადიშვილი აცხადებს, რომ პრემიერის სიტყვებში ჩანს ქართული მხარის წუხილი. 

"ნათლად არის პრემიერის სიტყვებში ჩამოყალიბებული ის წუხილი, რომელიც ჩვენს მხარეს აქვს. პირველ რიგში, ჩვენ ვამბობთ, და ასევე ფაქტია, რომ ამერიკა და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ რაში გამოიხატება ეს? - მხოლოდ იმაში, რომ გვესმოდეს კრიტიკა, რომლის უკანაც კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული მოცემულობები დგას. 

იმის გამო, რომ ვიღაცას არ აწყობს ქართული კანონი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან, უნდა გახდეს სანქციების შემოღების საგანი, იმის გამო, რომ ვიღაცებს გამჭვირვალობა არ აწყობს. 

აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა თქვა, ის რასაც ქართველი ხალხი ამბობს, ხალხში უკვე ამ ურთიერთობების გადახედვა ხდება - თუ რა არის ამ ურთიერთობების რეალური შინაარსი,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები