"ამიერიდან გადაწყვეტილებები საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ მხოლოდ საქართველოში მიიღება", - მის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რუსთავში "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდა შეძლო და მყარად დახვდა დეზინფორმაციას, რომლის ნათელი მაგალითი გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო კამპანია იყო.
"როგორები ვართ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი- ამაყი, ღირსეული, გამბედავი, გონიერი, სამშობლოს შეგრძნების მქონე საქართველოს მოქალაქეები, ამაყი ხალხი და ამაყი ქვეყანა, რომელმაც შეძლო ეთქვა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამიერიდან გადაწყვეტილებები საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ მხოლოდ საქართველოში მიიღება, მათ შორის ქვეყნისა და ხალხის გაერთიანების საკითხებზე და ამ მიმართულებით გადასადგმელ აუცილებელ, ვაჟკაცურ ნაბიჯებზე.
ქვეყანა და ხალხი, რომელმაც შეძლო გაეძლო და მყარად დახვედროდა თანამედროვეობის ყველაზე სასტიკ იარაღს - დეზინფორმაციას. ამისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონის, გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ აგორებული ცრუ და ფაშისტური კამპანია და ამ დეზინფორმაციაზე გამარჯვება იყო, ჩვენი გამარჯვება.
რაც უფრო ახლოვდება არჩევნები მეგობრებო, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან ჩარევის მცდელობები, უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, რეზოლუციები, სანქციები, მუქარები, პროვოკაციები, ამ ყველაფრით ზემოქმედების მცდელობა ქართველ ამომრჩეველზე, თუმცა საქართველო და მისი თითოეული მოქალაქე ფლობს გაცილებით ძლიერ იარაღს, რომელსაც სიმართლე და ღირსება ჰქვია.
და იმისთვის, რომ სიმართლე ბოლომდე გავიტანოთ და იმისთვის, რომ ღირსება ბოლომდე შევინარჩუნოთ, 26 ოქტომბერს არ უნდა დარჩეს არცერთი ადამიანი სახლში, რომელსაც შეუძლია სარკეში ჩაიხედოს, საკუთარ თავს თვალი გაუსწოროს და თამამად თქვას: მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები და არავის სხვას!!!
ასეთ დროს თქვენ ვერ მოგატყუებენ, თქვენზე სიცრუით და ყალბი კამპანიებით ზეგავლენას ვერ მოახდენენ. მართალ ხალხს წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება!
შესაბამისად, ჩვენ ყველანი ერთად, დავიცავთ მშვიდობას, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის ღირსებას, კეთილდღეობას და ამ უთანასწორო ბრძოლას ეყოლება ერთადერთი გამარჯვებული - საქართველო და მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. და ამიტომ, ჩვენს ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“ გაუმარჯოს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.