პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი, ანა ბუჩუკური "ძლიერ საქართველოსთან" შეთანხმების ვერ მიღწევის მიზეზებზე საუბრისას აცხადებს, რომ "ლელომ" ვერ შეძლო კოალიციის შიგნით თავის პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდმა თავის მხრივ ყველაფერი დათმო და გაცხადებული ჰქონდა.
"მთელი დღის განმავლობაში თქვენ უყურებდით, ერთი ერთს ამბობდა და მეორე - მეორეს. ფაქტია, სამწუხაროდ, "ლელომ" ვერ შეძლო კოალიციის შიგნით თავის პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ყველაფერი დავთმეთ და ფაქტობრივად ყველაფერი გაცხადებული გვქონდა. არაფერი დამალული არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვამბობ, პირობა რომ "ლელოს" უნდა მოეხდინა მის ე.წ. კოალიციაში შიგნით შეთანხმების მიღწევა, ეს შეთანხმება ვერ მოიტანა, ვერ მოახერხა. შესაბამისად, მოდით ტრაგედიას ნუ შევქმნით," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, დღეს პარტიამ "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: "როგორც ჩანს, "ლელომ" შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია, საარჩევნო დრო უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა." გახარიას პარტიის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ეს განცხადება, მამუკა ხაზარაძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეული იყო და მისთვის გაუგებარია, რა მოხდა. ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა ათონელის რეზიდენცია, სადაც ის პრეზიდენტს შეხვდა.