"ქართულ ოცნებას" აქვს ეჭვი, რომ დარჩო ხეჩუაშვილი, რომელსაც გამოძიება რამდენიმე წლის განმავლობაში გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების გამო ეძებდა, საქართველოში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პროცესების დაძაბვისა და არეულობისთვის შემოდიოდა. ამ მოსაზრებას სახელისუფლებო გუნდს ის ფაქტიც უმყარებს, რომ 2016 წელს, ხეჩუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ავტომობილი, სწორედ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ააფეთქა. მმართველი პარტია ყოფილი სპეცრაზმელის ოპოზიციასთან კავშირებზეც საუბრობს.
სახელისუფლებო გუნდის ოპონენტებს, ეჭვი შესაძლო დესტაბილიზაციასა და არეულობაზე არ აქვთ, თუმცა კონკრეტულ პასუხებს საგამოძიებო უწყებისგან ელოდებიან. ამბობენ, რომ სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მოტივით შემოდიოდა დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოში.
"ქართული ოცნება" არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის მონაწილეობით, ოპოზიცია ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავდა. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ ოპოზიციის მიზნებზე და ამბობენ, რომ ოპონენტები წინასაარჩევნოდ უკან არაფერზე დაიხევენ და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს. საქმეზე მეტ დეტალს კი სახელისუფლებო გუნდი გამოძიებისგან ელოდება.
დარჩო ხეჩუაშვილი, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმელი იყო. ის, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და საქართველოში მხოლოდ 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.
გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის 4 ოქტომბერს დარჩო ხეჩუაშვილმა გივი თარგამაძეზე თავდასხმა სცადა. ასევე ცნობილია, რომ დეპუტატის მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ ხეჩუაშვილმა დაამონტაჟა და თავადვე აამოქმედა. შემთხვევის შემდეგ, ის მიიმალა და საქართველო დატოვა.
ხეჩუაშვილს სასამართლომ, დაუსწრებლად, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 8 წლის განმავლობაში კი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-5 სამმართველოს სპეცრაზმელი წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ქართველმა სამართალდამცველებმა დარჩო ხეჩუაშვილი საქართველო-თურქეთის საზღვარზე დააკავეს, როცა ის ქვეყანაში შემოსვლას უკანონოდ ცდილობდა.