16 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მესამე სექტორის ნაწილი ითხოვს - სურვილი "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აისახა

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ევროკავშირისგან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს. მოთხოვნას კი იმით ხსნიან, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება - ქართველ ამომრჩეველს "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგს აჩვენებს.

ანგარიშში, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს შეეხება, საუბარია იმ 7 პუნქტზეც, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საპარლამენტო არჩევნების წინ უნდა განახორციელონ. მათ შორისაა ხელისუფლების წევრების მიმართ სამოგზაურო და ფინანსური სანქციების დაწესება, ასევე მედიის ფინანსური მხარდაჭერა.

რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან ამ მოთხოვნის უკან - ანგარიშში დაკონკრეტებული არ არის. "კურიერი" დღეს ცდილობდა მესამე სექტორთან დაკავშირებას, თუმცა მათი ნაწილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ნაწილმა კი კომენტარზე უარი განაცხადა. ვიდრე მესამე სექტორი დუმს, მათი დაცვა საკუთარ თავზე ოპოზიციამ აიღო.

ხელისუფლების ოპონენტებმა ბრალდების ისრები მმართველი გუნდისკენ მიმართეს და თქვეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხი დღის წესრიგში დადგება, პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დაეკისრება.

ის, რაც მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში წერია, არ უკვირთ "ქართულ ოცნებაში". მმართველმა გუნდის ლიდერებმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარსული გაიხსენეს, მესამე სექტორის სამომავლო გეგმებზე კი თქვეს, რომ მათი ერთადერთი მიზანი ქვეყანაში არეულობისა და დესტრუქციის მოწყობაა.

ანგარიში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ამხელს, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა მოამზადა. დოკუმენტი ეფუძნება "საქართველოს მეგობრების“ მისიას თბილისში, რომელიც 2-8 სექტემბერს შედგა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

 

 

დღის ამბები