ქართულ პოლიტიკაში, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები მიიღება იმით, ვის რა აწყობს და ვის რა ურჩევნია სიტუაციაში, - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ჰერმან საბო პრეზიდენტის ქარტიის შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს.
ჰერმან საბო გახარიას პარტიისა და "ლელოს" არშემდგარ ერთობაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მათთვის პიარული ზიანის მომტანი იყო.
"სამწუხაროდ, ეს ბოლო, არშემდგარი გაერთიანებაც, მგონი, მაგის გამო ჩაიშალა. თუმცა, რაზე ფიქრობდნენ ის ადამიანები, ვინც ამ გაერთიანებაში ჯერ რაღაც კონტურები დასახეს, შემდეგ არ შევიდნენ, არ ვიცი. ეს ყველაფერი, ალბათ დასრულდა ყველაზე უფრო ცუდი სცენარით მათთვის, რაც შეიძლება დასრულებულიყო. დარწმუნებული ვარ, ორივემ მიიღო პიარული ზიანი. პრაგმატულად რომ შევხედოთ, შეიძლება, "გირჩს" გვაწყობდეს, რადგან იქიდან წამოსული ხალხი, არ მგონია, რომ უფრო ნაც პარტიებს მიემხროს. სავარაუდოდ, ჩვენკენ გადმოიხრებოდა. მაგრამ, ჩვენ მაინც ვგულშემატკივრობდით ამ გაერთიანებას, თუნდაც იმიტომ, რომ ამას შეიძლება მოჰყოლოდა შემდეგ "ახლებისა" და "ნაცების" გაერთიანება. იმიტომ რომ, თუ აქეთ შეიქმნებოდა სიმძიმის ცენტრი, რომელიც მეტი იქნებოდა ცალკე აღებულ "ახლებზეც" და ცალკე აღებულ "ნაციონალურ მოძრაობაზეც," მე მგონია, რომ ბოლოს დასახელებულ პარტიებს გაუჩნდებოდათ სტიმული იმისთვის, რომ გაერთიანებულიყვნენ. ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ ვერ ვიხილეთ ასეთი გაერთიანება. მე მგონი, რომ ერთმანეთის ზიზღი მათი ამომრჩევლების მხრიდან, გახარიასა და ლელოს ვგულისხმობ, ბევრ ხმას დააკარგვინებდა ამ გაერთიანებას, რომლის ხმებიც არ წავიდოდა ნაცებში და წავიდოდა უფრო შუაში, უფრო ნეიტრალურ და ცალკე მდგომი პარტიისკენ და ასეთი მხოლოდ ჩვენ ვართ დარჩენილი." - აცხადებს ჰერმან საბო.