მმართველი გუნდი საარჩევნო პროცესში გარე ძალების ჩარევაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყნის გარეთ გაკეთებული განცხადებები სულ უფრო მწვავე და ინტენსიურ ხასიათს იღებს. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ როგორც ამ ქმედებების სიხშირე, ისე შერჩეული დრო, ქმნის განცდას, რომ მათი მიზანი ოპოზიციის დღის წესრიგის შექმნაა.
შალვა პაპუაშვილმა უცხოელ პარტნიორებს დღეს "ჩაურევლობის პრინციპზე" დაფუძნებული საერთაშორისო ღირებულებები შეახსენა და მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან რადგან, მისი განმარტებით, ამგვარი ჩარევა გავლენას ახდენს არჩევნების სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში ჩარევად მიიჩნევს ისეთ განცხადებებს, რომელიც, რეალურად, მოწოდებაა არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების შესახებ.
"ქართველი ხალხის მეგობრების მოწოდებას, რომ ქართველმა ხალხმა შეძლოს თავისუფალ და სამართლიან გარემოში თავისი ნების გამოხატვა, ამას აღიქვამს პაპუაშვილიც, ივანიშვილიც, კალაძეც და კობახიძეც გარედან ჩარევად. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმა, რომ ქვეყნებში იყოს დემოკრატია და დემოკრატია გულისხმობს ზუსტად იმას, რომ ქართველმა ხალხმა აირჩიოს ზუსტად ის მთავრობა, რომელიც მას უნდა," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
"მავნებლობა" უწოდა შალვა პაპუაშვილის განცხადებას "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
"რასაც ამბობს შალვა პაპუაშვილი, არის მავნებლობა ქვეყნის წინააღმდეგ. უცხოელი პარტნიორები აკეთებენ ყველაფერს, საკუთარი განცხადებებით და დაკვირვებით, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, ამისთვის აკეთებენ ისინი ამ განცხადებებს.
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ამ ქვეყნის მეგობრები, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ასეთი განცხადებები კეთდებოდა წინა რეჟიმის დროს, როდესაც რეჟიმი მიდიოდა ქვეყნისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, ასეთი განცხადებებს აკეთებენ დღეს," - აცხადებს ხათუნა სამნიძე.
"რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები "არჩევნებში ჩარევად მონათლა".
"მისი განცხადებები ჩემთვის იმის საპირისპიროა, რასაც ის ამბობს და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ უჭირთ ამ არჩევნების მოგება და მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციების იმედი აქვთ. როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადება მონათლო ჩარევად, რადგან საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესია, ვიყოთ დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი," - აცხადებს თეონა აქუბარდია.