საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კირცხალია ქვეყნის გარედან არჩევნებში ჩარევის მცდელობებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ოპოზიცია პოლიტიკურად განულებულია და წინასაარჩევნო კამპანიას ქვეყნის შიგნით ვერ აწარმოებს, ამიტომ მათი უცხოელი "პატრონები და ლობისტები" ამომრჩევლის აზრზე ზემოქმედებას ცდილობენ.
"ისინი ვერ აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას ქვეყნის შიგნით, რადგან იციან, რომ 0 აქვთ რეიტინგი, პოლიტიკურად გარდაცვლილი ძალაა და აქ თამაშში შემოვიდნენ მათი გარე პატრონები, მათი გარე ლობისტები ღიად, დაუფარავად, ასე პირდაპირ, შეურაცხმყოფლად, თავიანთი ორმაგი და სამმაგი სტანდარტის განცხადებებით და ვისმენთ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ასეთ უხეშ ჩარევას, რაც პირდაპირპროპორციულად ნამდვილად არ გამოუვათ, მაგრამ თავისუფლად შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ამომრჩევლის აზრზე უხეში ზემოქმედება," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
მმართველი გუნდი საარჩევნო პროცესში გარე ძალების ჩარევაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყნის გარეთ გაკეთებული განცხადებები სულ უფრო მწვავე და ინტენსიურ ხასიათს იღებს. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ როგორც ამ ქმედებების სიხშირე, ისე შერჩეული დრო, ქმნის განცდას, რომ მათი მიზანი ოპოზიციის დღის წესრიგის შექმნაა.
შალვა პაპუაშვილმა უცხოელ პარტნიორებს დღეს "ჩაურევლობის პრინციპზე" დაფუძნებული საერთაშორისო ღირებულებები შეახსენა და მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან რადგან, მისი განმარტებით, ამგვარი ჩარევა გავლენას ახდენს არჩევნების სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარებაზე.