ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, "დღის კურიერის" ეთერში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ორპარტიული კანონპროექტის განხილვაზე და მოლოდინებზე ისაუბრა.
საქმე ეხება "ქართველი ხალხის აქტს", რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, ასევე მასში ჩადებულია ის პირობა, რომ უნდა მოხდეს სამოგზაურო სანქციების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც, მათი შეფასებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას აფერხებენ.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, შედეგზე ის წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ გარკვეული აგრესიული კამპანია კვლავ გაგრძელდება:
"მოსალოდნელია, რომ "გადამჭრელი" ზომების მიღებას დაიწყებენ, გარკვეული აგრესიული კამპანია გაგრძელდება. გარკვეული პოლიტიკური ძალები არიან, რომლებიც ღიად და ხაზგასასმელია, რომ აგრესიულად უჭერენ მხარს ოპოზიციას და საკუთარი უნარით რაიმე წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ნულამდე აქვთ დაყვანილი. ამას თვითონაც ძალიან კარგად აანალიზებენ.
იმაზე არ მაქვს საუბარი, რომ ყველა მათივე გამოთვლებით, "ქართული ოცნება" დღეს ლიდერია. კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს იმაზე საუბარს, რომ იქნებ რამენაირად ვინმე დაეხმაროს გარედან და გარეთ მოქმედმა პოლიტიკურმა ძალამ უპირატესობა შეაძენინოს მათ, რადგან რამენაირად "ქართულ ოცნებას" კონსტიტუციური უმრავლესობის მიღწევაში ხელი შეუშალონ. არადა, რეალურად ასეთი მდგომარეობაა - მუქარები იზოლაციასთან და სხვა ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უსარგებლოა. ამ განვლილმა პერიოდმა ეს კარგად აჩვენა. უნდა ხვდებოდნენ რომ ამას აზრი არ აქვს, მათ შორის ეს არ მოქმედებს არც ხელისუფლებაზე და არც ქართველი ხალხის არჩევანზე.
რაც შეეხება ქართველი ხალხის არჩევანს, ჩვენ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილ პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება შეერთებულ შტატებთან, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. პასუხად კი ვიღებთ ულტიმატუმს, რომ ეს ურთიერთობა იქნება კეთილ პარტნიორული თუკი შეიცვლება რაიმე არჩევნების შედეგად. ეს კი, რასაკვირველია არათავსებადია პარტნიორობასთან.
ქართველი ხალხის არჩევანი რაც იქნება, მისი პატივისცემა უნდა მოხდეს. თუკი ქართველი ხალხის არჩევანი იქნება თუნდაც ისეთი ხელისუფლება, რომელიც შესაძლოა ვინმეს არ მოსწონდეს გარეთ, ეს არ აძლევს არცერთ უცხოურ სახელმწიფოს {უფლებას} რომ ქართველ ხალხს ულტიმატუმები დაუყენოს,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.