16 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ - საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადებული NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში ადანაშაულებენ

"ჩვენ კანონთან სრულ შესაბამისობაში ვართ, რასაც ვერ ვიტყვით ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოზე" - ამ განცხადებით ხათუნა ლაგაზიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მისი ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდა. ლაგაზიძე და მისი ორგანიზაციის წევრები ბიუროს გადაწყვეტილებას უსაფუძვლოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

ანტიკორუფციულ ბიუროში "კურიერს" უთხრეს, რომ ლაგაზიძის მიერ ფოსტით გაგზავნილი ფინანსური დოკუმენტები დღეს მიიღეს და მათი შესწავლა უკვე დაიწყეს. რაჟდენ კუპრაშვილმა კი მიზეზები, რომლის გამოც ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა, გუშინვე განმარტა.

ანტიკორუფციული ბიუროს არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა ოპოზიციის ნაწილისთვის. ისინი, არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, მიიჩნევენ, რომ ბიურო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.

ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა, დღეს, ეკა გიგაურსა და ხათუნა ლაგაზიძეს შეახსენა, რომ ნორმები, რომელსაც ახლა ისინი ოპოზიციასთან ერთად აპროტესტებენ, თავად საერთაშორისო გამჭვირვალობის, საია-სა და სხვა ენჯეოების ინიციირებით აქვს პარლამენტს მიღებული. პარალელურად, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, სახელისუფლებო პარტიისთვის იმის დასტურია, რომ მათი ორგანიზაციები წინასაარჩევნო აგიტაციაში არიან ჩართული.

ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გუშინ გამოაცხადა. ისინი ვალდებული გახდნენ, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს ფინანსური ანგარიშები წარუდგინონ.

 

დღის ამბები