უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი როდესაც აშშ-ის მხრიდან გარკვეულ სანქციას აწყდებოდა, ყოველთვის ითხოვდა ელემენტარულ განმარტებას, რა იყო სანქციის გამომწვევი კონკრეტული მიზეზები.
როგორც ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, სტრატეგიული პარტნიორი სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას ისე არ ექცა, როგორც აშშ საქართველოს ექცევა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
"ხელისუფლების პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, არის ის, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვას. ჩვენ, ყოველ ჯერზე, როდესაც აშშ-ის მხრიდან რაღაც, გარკვეულ სანქციას ვაწყდებოდით, ყოველთვის ვითხოვდით ელემენტარულ განმარტებას - გაგვაგებინეთ, რაშია ამ სანქციის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი და გვითხარით კონკრეტული არგუმენტი. ხომ არ შეიძლება, რომ რადგან დიდი სახელმწიფო ხარ და დიდი შესაძლებლობები გაქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე თქვა, რომ მე ამას და ამას ვასანქცირებ. რაღაცნაირად იშველიებენ იმას, რომ არის დეზინფორმაცია, რას ნიშნავს ეს დეზინფორმაცია? საქართველოსი აკრძალული აქვთ ადამიანებს ალტერნატიული აზრის გამოთქმა, კრიტიკის გამოთქმა და ა.შ.? სტრატეგიული პარტნიორი თავის სტრატეგიულ პარტნიორს არ ექცევა ისე, როგორც ჩვენ გვექცევიან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. არ უსანქცირებენ ადამიანებს ისე, რომ განმარტებასაც კი არ აყოლებენ. გვეუბნებიან, გაზეთებში წაიკითხეთო... უკაცრავად, მაგრამ გვაქვს იმის უფლება, რომ უფრო მეტი განმარტების მოცემა მოვითხოვოთ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველო, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირე იყო ავღანეთში და როდესაც ავღანეთიდან ამერიკის ჯარები გამოდიოდა, საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანა, რომელმაც ყველაზე დიდი სამსახური გასწია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.