16 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
ოპოზიციის ბრალდებები აბსოლუტური ტყუილია - საქართველოს ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ, ამ წლის დასაწყისში, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს გაუგზავნა ოფიციალური მოწვევა არჩევნებზე დასაკვირვებლად - ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ოპოზიციის იმ ნაწილს უპასუხა, რომელიც ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დასავლელი პარტნიორების მხრიდან არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით იმიტომ საუბრობს, რომ, არჩევნების შედეგების არაღიარების შემთხვევაში, საზოგადოებაში მათი დისკრედიტაცია წინასწარ მოხდეს.

ირაკლი ქადაგიშვილმა ამ განცხადებას "აბსოლუტური ტყუილი" უწოდა და აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ", წლის დასაწყისშივე, თავად მოიწვია არჩევნების დასაკვირვებლად ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაცია.

"აბსოლუტური ტყუილია, რაზეც საუბრობენ. საქართველოს ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ, ამ წლის დასაწყისში, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს გაუგზავნა ოფიციალური მოწვევა, რომ მობრძანდით და დააკვირდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენი საარჩევნო კოდექსი არის სანიმუშო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხით, დასამალი არაფერი არ გვაქვს. მეორე - ის კანონები, რომელიც დღეს მოქმედებს პოლიტიკურ პარტიებთან, საარჩევნო სისტემებთან და ა.შ. დაკავშირებით, ყველაფერი მიღებულია, მათ შორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით.

მათ ჰქონდათ სკრუპულოზური მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ გარე რესურსების გამოყენება საარჩევნო პროცესში არ მომხდარიყო - აქ ისინი გულისხმობდნენ, რომ ხელისუფლებას არ გამოეყენებინა რაიმე რესურსი ისე, რომელიც გარე რესურსი იქნებოდა და არ აისახებოდა საარჩევნო ანგარიშებში. ახლა, მათივე ძალისხმევით მიღებული კანონი რომ ამოქმედდა და მათ რომ შეეხო, აღმოჩნდა, რომ თურმე, ეს ყველაფერი ცუდია და რაღაცნაირად ზღუდავს მათ უფლებებს.

არავინ არავის უფლებებს არ ზღუდავს, უბრალოდ, მოთხოვნაა ერთადერთი - ის კანონები, რომელიც საქართველოში მოქმედებს და არის ევროპული სტანდარტების, ყველასთვის თანაბრად იყოს შესრულებადი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები