დათანხმდება თუ არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას, ასევე, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ნეიტრალური პირების დანიშვნას, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციირებული ქარტიითაა განსაზღვრული - ამ კითხვას "დღის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა უპასუხა.
მისი თქმით, ოპოზიციამ საკითხზე არჩევნების შემდეგ უნდა იმსჯელოს, თუ საჭიროება დადგება და ეს კონსენსუსის საგანი უნდა იყოს.
"ჩვენ ქარტიას მოვაწერეთ ხელი იმიტომ, რომ აბსოლუტურად ვიზიარებთ სულისკვეთებას, რომელიც აქვს ამ ქარტიას. მათ შორის, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები, ბოლო თვეების მანძილზე, ოპოზიციური ერთიანობის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთიანი ფრონტით გავსულიყავით არჩევნებზე, რადგან ღრმად გვწამდა, რომ ეს იყო ყველაზე ეფექტური და სწორი ნაბიჯი მაშინ, როდესაც ქვეყანა გვეკარგება, არაღიარების პოლიტიკა საფრთხეშია, ოჯახები იხლიჩება, ემიგრაციაშია წასული საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. როდესაც მსგავსი გამოწვევებია ქვეყნის წინაშე, ძალიან ბუნებრივია, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი.
ამ შემთხვევაში, ვერ მოხერხდა სრული ერთიანობა საარჩევნო კუთხით რასაც ჩვენც და მიხეილ სააკაშვილიც, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი ლობირებდა ამ პოზიციას, ქარტიის ხელმოწერის ერთ-ერთი მთავარი მოტივაციაც ეს იყო.
რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, გვაქვს ასეთი პოზიცია - საბოლოო ჯამში, კონსენსუსის საგანი უნდა იყოს და საბოლოო გადაწყვეტილებებზე არჩევნების მერე უნდა ვიმსჯელოთ, რადგან ჯერ უნდა გადავხტეთ და ჰოპლა მერე უნდა დავიძახოთ.
ჩვენ საერთო ენა გამოვნახეთ რამდენჯერმე, მათ შორის, მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს, სხვა დოკუმენტსაც. თავდაუსხმელობის კუთხითაც ვერ ვიტყვით, რომ ვერ ვასრულებთ მსგავს დაპირებებს და, მაგალითად, თავს ვესხმოდით ერთმანეთს. როცა ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, ჩვენ ვაჩვენეთ ერთიანობა, მათ შორის, საპროტესტო აქციების დროსაც, შემდეგ პროცესშიც," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.