16 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"ბუნებრივი ამბავია, რომ აგენტურას ჰყავს თავის ძლიერი ლობი" - მამუკა მდინარაძე სენატორების მხარდამჭერ წერილზე

სინამდვილეში, არანაირი ლობისტის მიერ დაქირავებული სენატორი არ არსებობს, პირიქით, არსებობს მათი პატრონის მიერ უზრუნველყოფილი მხარდაჭერა, რომელსაც ისინი გარკვეულ ლობიზმსა და საერთაშორისო მხარდაჭერას უწოდებენ, - ასე შეაფასა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამერიკელი სენატორების მიერ გავრცელებული მხარდამჭერი წერილი.

მისი განმარტებით, როდესაც აშშ-ში არჩევნებში ჩარევის "რაიმე ნიშანი გაკრთება", წარმომადგენელთა პალატა მაშინვე აკეთებს მკაცრ განცხადებას, "საქართველოს კი ხელი უნდა უქნიონ და რეაგირება არ ჰქონდეს მსგავს საკითხებზე".

"ბუნებრივი ამბავია, რომ აგენტურას ჰყავს თავის ძლიერი ლობი. სინამდვილეში, არანაირი ლობისტის მიერ დაქირავებული სენატორი არ არსებობს, პირიქით, არსებობს მათი პატრონის მიერ უზრუნველყოფილი მხარდაჭერა, რომელსაც ისინი გარკვეულ ლობიზმსა და საერთაშორისო მხარდაჭერას უწოდებენ. მათ პატრონების, გარკვეული არაფორმალური ძალების მიერ უზრუნველყოფილი მხარდაჭერაა და მხოლოდ და მხოლოდ ამაშია საქმე. ამის პარალელურად, წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელი გამოდის და უკრაინის ელჩის გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც, მისი თქმით, თავისი განცხადებით, უხეშად ჩაერია ამერიკის არჩევნებში. შენ უნდა გიკაკუნონ იქიდან, თითი უნდა გიქნიონ და შენ რეაგირება არ უნდა გქონდეს, თუმცა ამერიკაში, როგორც კი მსგავსი გაკრთება, იმ წუთას და სავსებით სწორადაც, წარმომადგენელთა პალატა, მისი ხელმძღვანელის მეშვეობით, აკეთებს განცხადებას, რომ ეს არის ამერიკის არჩევნებში ჩარევა. რატომ არ არის ათჯერ და ოცჯერ უფრო მძაფრი საქართველოში არჩევნებში ჩარევა, როცა მარტო გარე ძალების დახმარების იმედად არიან დარჩენილები, ეს გაუგებარია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები