არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის - მმართველი გუნდის შეფასებით, ამ იდეას გამოხატავს "ქართული ოცნების" ახალი საარჩევნო ბანერები, რომელსაც არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა ოპონენტების მხრიდან. "არა ომს! აირჩიე მშვიდობა!" - ამ სლოგანით, ბანერები 2 ნაწილად არის გაყოფილი: ერთ მხარეს, უკრაინაში, რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ტაძრები, ინფრასტრუქტურული ნაგებობებია ასახული, მეორე მხარეს კი - საქართველოს ქალაქები.
ოპოზიციამ "ქართული ოცნების" ბანერები საზოგადოების მოტყუებად აღიქვა. მათი შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელმაც სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და თქვა - ღირსებით ჯოჯოხეთისკენ. პრეზიდენტი "ქართული ოცნების" ბანერებზე უკრაინის ომის ფოტოების გამოყენებას ისტორიისა და რწმენის შეურაცხყოფად მიიჩნევს.
მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის მიზანი ჯერ კიდევ მაშინ გამჟღავნდა, როდესაც ისინი ხელისუფლებას უკრაინის ომში მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვდნენ. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, 2022 წელს ქვეყნის სათავეში მათი ოპონენტები რომ ყოფილიყვნენ, ომი და ნგრევა დღევანდელი რეალობა იქნებოდა.
"არა ომს! აირჩიე ევროპა!" - ამ წარწერით, "ქართული ოცნების" ახალი საარჩევნო ბანერები თბილისის ქუჩებში დღეს, დილიდან გამოჩნდა.