ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვული დოქტრინა შეცვალა. ამ გადაწყვეტილებით, კრემლი დასავლეთს გამაფრთხილებელ სიგნალს უგზავნის. ატომური დარტყმის შესაძლებლობას რუსეთის პრეზიდენტი მასობრივი განადგურების არსენალის არმქონე ქვეყნებზე და ამ ქვეყნების მოკავშირე ბირთვულ სახელმწიფოებზე განიხილავს.
პუტინის გადაწყვეტილებას კიევში გამოეხმაურნენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დოქტრინაში ცვლილებების შეტანას ბირთვულ შანტაჟს უწოდებს. ანდრეი ერმაკის განცხადებით, პუტინს, დასავლეთის დასაშინებლად, სხვა ინსტრუმენტი აღარ დარჩა.
ის, რომ, საკუთარი გადაწყვეტილებით, პუტინი უკრაინის მოკავშირეების დაშინებას ცდილობს, დაადასტურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღად რუსეთი უკრაინაში მდებარე ატომური ელექტროსადგურების აფეთქებასაც განიხილავს. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
რუსეთის მიერ ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანა ემთხვევა დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გადაცემული იარაღით რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების ნებართვების გაცემის განხილვას. ნატო-ს წევრი სახელმწიფოები საკითხზე პოზიციებს ათანხმებენ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე