მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში ისევ პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეშია. ამჯერად საუბარია დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც შემდეგი ტექსტი წერია: "ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება არეულობა." ტექსტში განხილულია რამდენიმე სცენარი. აღნიშნულია, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ხელისუფლება არ დათმობს, თუ "ქართული ოცნება" აიღებს ხმების უმრავლესობას, იქნება პროტესტი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ დაძაბულობას შემოიტანს მხოლოდ "ქართული ოცნების" მცდელობა, შეინარჩუნოს ძალაუფლება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას, არჩევნებზე მაღალი აქტივობის მოლოდინი აქვს.
"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ გვექნება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა. საქართველოს თითოეული მოქალაქე გამოიყენებს საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას, განსაზღვროს თავის მომავალი, აირჩევს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ ერთიანი ძალებით, ამ არჩევანს აუცილებლად დავიცავთ. ამიტომ, ნებისმიერი პროპაგანდის წარმოება ხელისუფლების მხრიდან, არის სრულიად უშინაარსო," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
ანგარიშთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა პარტია "ახალის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, "კოალიცია ცვლილებისთვის", ანა გოგოლაძემ.
"ანგარიშში ასახულია ის განწყობები, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობაში. თუ "ქართული ოცნება" ეცდება გააყალბოს ის ძალიან დიდი ოპოზიციური ტალღა, რომელიც ქვეყანაშია, ამას შედეგი მოჰყვება," - ამბობს ანა გოგოლაძე.