რატომ არ არის "დროას" ლიდერი და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია საპარლამენტო სიის პირველ ათეულში - ამ თემაზე "დღის კურიერის" კითხვას ხათუნა სამნიძემ უპასუხა. "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ ეს თავად ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება იყო, ხოლო "დროას" კოალიციის პირველ ათეულში გიორგი ლემონჯავა წარმოადგენს.
"ჩვენი კოალიციის დამფუძნებლები იცით, რომ არიან 4 ლიდერი - ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე. მათი პრეროგატივა იყო "კოალიცია ცვლილებებისთვის" საარჩევნო სიის შედგენა. რა თქმა უნდა, მათ გამოჰკითხეს ის ადამიანები, რომელთაც სურდა საარჩევნო სიაში ასპარეზობა. როგორც იცით, ნიკა გვარამია არ არის საარჩევნო სიაში. ამ ვითარების შესწავლისა და გასაუბრების, კონცეფციაზე შეთანხმების შემდეგ, ეს ოთხი ლიდერი, ოთხი დამფუძნებელი იყო პასუხისმგებელი, შეედგინა საარჩევნო სია.
ეს იყო თავად ელენეს გადაწყვეტილება - მან არაერთ ეთერში ისაუბრა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახეები, ახალგაზრდები იყვნენ წინ. მისი პარტიიდან გიგა ლემონჯავა, რომელიც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, როგორც აქტიური პოლიტიკოსი, არის პირველ ათეულში "დროას" სახელით. სწორედ ეს იყო ძირითადი მიდგომა ელენეს მხრიდან, რის გამოც მან "დაუთმო", თუმცა დაუთმოც არაა სწორი სიტყვა - პარტიამ გადაწყვიტა, რომ გიგა ლემონჯავა ყოფილიყო პირველ ათეულში, ხოლო ელენე - მეორეში," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.