16 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"უცხოური მოქმედი პირები, არასამთავრობოები და მედია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, მოსახლეობას ართმევს ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლებას" - შალვა პაპუაშვილი

უცხოური მოქმედი პირები, არასამთავრობოები და მედია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, მოსახლეობას ართმევს ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლებას,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ "X" - ში წერს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ქცევა, რომლებსაც არჩევნების "მიუკერძოებელ" დამკვირვებლებად მოაქვთ თავი, ჩვენი დემოკრატიისათვის პრობლემად იქცა.” მისი თქმით, არასამთავრობოებისა და მედიის კეთილსინდისიერებისა და დამოუკიდებლობის საკითხი მიკერძოებისა და სტერეოტიპების გარეშე უნდა განვიხილოთ.


"ჩვენს რეგიონში, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციას ან მედიას აკრიტიკებს, მაშინვე, ავტომატურად, ანტიდემოკრატიული შევიწროების იარლიყს აწებებენ ხოლმე. თუმცა, მოსაზრება, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კეთილსინდისიერება და დამოუკიდებლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, თავისთავად, არადემოკრატიულია. ამგვარი რწმენა შეიძლება მიგვანიშნებდეს, რომ ეს ორგანიზაციები და მედია ვიღაცის ინტერესებში მოქმედებენ და ის ვიღაცა ცდილობს მათ კრიტიკას ტაბუ დაადოს. ამიტომ, არასამთავრობოებისა და მედიის კეთილსინდისიერებისა და დამოუკიდებლობის საკითხი მიკერძოებისა და სტერეოტიპების გარეშე უნდა განვიხილოთ.

სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის უნდა იდგეს. თუმცა, ის არ უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკურ ორგანიზაციას. ის, რომ არასამთავრობოს წარმომადგენელი ან ჟურნალისტი ოფიციალურად არ იყრის კენჭს არჩევნებში, სულაც არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი არ არის. მათი მიჩნევა მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად არ შეიძლება. ამიტომაც, უფრო სწორი იქნება, რომ მათ პოლიტიკური აქტივისტები ვუწოდოთ და არა სამოქალაქო საზოგადოება. ზოგიერთი მათგანი პირდაპირაა დაკავშირებული ფორმალურ პოლიტიკურ პარტიებთან, ზოგჯერ პირდაპირ ამ პარტიების სახელებსაც კი ირქმევენ, როგორც, მაგალითად „დროა“ ან „ხალხისთვის“. იყო შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპული ცენტრის“ ლიდერები პირდაპირ გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტია „თავისუფლების მოედნად“.

მეტიც, ცოტა ხნის წინ, ანტიკორუფციულმა ბიურომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად გამოაცხადა. არასამთავრობოებმა გააკრიტიკეს ეს გადაწყვეტილება და ის სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებად გამოაცხადეს. თუმცა, სულ რამდენიმე დღეში, ამ არასამთავრობოს ორი წამყვანი ფიგურა ოპოზიციის საარჩევნო პარტიული სიის წამყვან ადგილებზე ვიხილეთ,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

აშკარაა, რომ ამ არასამთავრობოებისა და მედიის დღის წესრიგი ღიად პოლიტიკურია. ისინი გამუდმებით მოუწოდებენ მთავრობის შეცვლისაკენ და, ერთ მომენტში, „ტექნიკური მთავრობის“ ფორმირებაც კი მოითხოვეს, რომელსაც, მათი თქმით, ქართული ოცნების დამხობის შემდეგ, თავადვე გაუძღვებოდნენ. სოროსის ფონდის, „საერთაშორისო გამჭვირვალების“, „ახალგაზრდა იურისტებისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ გზავნილები, ნარატივი და თემების არჩევანი სრულადაა სინქრონიზებული ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან. არასამთავრობოების მსგავსად, ისეთი ტელეკომპანიები, როგორებიცაა "მთავარი", "პირველი" და "ფორმულა" პროპაგანდისტულ პლატფორმებს უქმნიან იმავე პარტიებს, შესაბამისად "ახალს", "ლელოსა" და ენმ-ს.

პოლიტიკური დღის წესრიგისა და მაუწყებლობის გარდა, ამ არასამთავრობოებისა და მედიის ფინანსები ხშირად პირდაპირ ემსახურება პოლიტიკურ პარტიებს: არასამთავრობოები პარტიების შეხვედრებს აორგანიზებენ, აწყობენ "დემოკრატიის ფესტივალებს" პოლიტიკური აგიტაციისათვის, ან სულაც, პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროს წარმოადგენენ. მოკლედ, არასამთავრობოები, მედია და პარტიები ერთმანეთში არიან გადახლართულნი და ქმნიან პოლიტიკურ კონგლომერატებს, რომლებიც ხშირად დაკავშირებულნი არიან ჩრდილოვან ოლიგარქებთან.

უფრო მეტიც, პოლიტიკური კავშირებისა და ფინანსური დახმარების გარდა, ეს არასამთავრობოები და მედია საშუალებები პირდაპირ ფინანსდებიან უცხოეთიდან, "დემოკრატიული დახმარების" გრანტებისა და პროგრამების საშუალებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში შემოედინება. საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ კრძალავს პოლიტიკოსებისა და პარტიების უცხოეთიდან დაფინანსებას. ამ საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, ნებისმიერი პირდაპირი თუ ფარული დაფინანსება უცხოეთიდან არა მარტო არალეგიტიმური, არამედ, უბრალოდ, უკანონოა. სულ ახლახანს, ზოგიერთმა არასამთავრობომ ღიად განაცხადა, რომ აპირებენ დაარღვიონ კანონი და არ დაემორჩილონ უცხოური გამჭვირვალების კანონმდებლობას. ამგვარი ღია დაუმორჩილებლობა უფრო შორს მიდის, ვიდრე კანონის ფარული უგულებელყოფა და ღიად უგდებს გამოწვევას სახელმწიფოს ძალაუფლებას.

ამგვარად, უცხოური მოქმედი პირები, არასამთავრობოები და მედია, დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, თანასწორი საარჩევნო გარემოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გადაწონვითაა დაკავებული, რითაც მოსახლეობას ართმევს ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების უფლებას,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები