სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და ხვალ საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. გვარამია განმარტავს, რომ აქცია საქალაქო სასამართლოსთან აპოლიტიკურია და მასზე დასწრება ყველა მოქალაქეს შეუძლია.
"შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება რუსთავი 2-სთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი. მინდა გთხოვოთ, მოხვიდეთ და წამოიყვანოთ ყველა მსურველი. რაც მეტი ვიქნებით, მით მეტად დაინახავენ ჩვენს ძალას და მით ნაკლები იქნება რუსთავი 2-ის გაჩუმების შანსი.
ვიწვევთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და პოლიტიკურ პარტიას სასამართლოს დარბაზში, რათა ყველამ თვითონ შეძლოს პროცესის მონიტორინგი. რაც შეეხება აქციას სასამართლოს ეზოში, აქცია არ არის პოლიტიკური და მას დაესწრება ყველა მსურველი, რითიც გამოხატავს რუსთავი 2-ის მხარდაჭერას. ჩვენ ვერ ჩავერევით პოლიტიკური პარტიების უფლებაში, თვითონ განსაზღვრონ საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი და ამ დამოკიდებულების გამოხატვის ფორმა თუმცა, კვლავ შეგახსენებთ, რომ აქცია სასამართლოს ეზოში არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ორგანიზებული და მიზნად ისახავს რუსთავი 2-ის მხარდაჭერას. დიდი მადლობა წინასწარ!"- წერს ნიკა გვარამია.