16 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
"ლავროვის განცხადება დამაჯერებელი გახდება, თუ რუსეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს და თავის ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანს" - გურამ მაჭარაშვილი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობაში აფასებენ და ამბობენ, რომ სერგეი ლავროვის განცხადება დამაჯერებელი გახდება მაშინ, როდესაც რუსეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აქცენტს აკეთებენ სახელისუფლებო გუნდის სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი, შერიგების გზით უნდა აღდგეს.

"ეს განცხადება დამაჯერებელი გახდება, თუ რუსეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს და თავის ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა და, ამავდროულად, დაანონსება, რომ ჩვენ გვინდა შერიგება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, ზუსტად იმის საფუძველია, რომ მივაღწიოთ, მშვიდობიანად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რომელიც სანუკვარია, ქართული ოცნებაა საქართველოს საზოგადოებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ, რაც უფრო რეალური გახედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობის ფორმატში, მით უფრო გაწიწმატდებიან ე.წ. NGO და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები. რატომ? რადგან მათი პატრონების ინტერესში, უცხოურ ძალას ვგულისხმობ, არ შედის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენა," - განაცხადა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, "მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული, მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფის საკითხშიც".

დღის ამბები