16 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
"აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები გარკვეული ასაკის შემდეგ განიცდიან დეპრესიას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მიდის სუიციდამდე... " - ზაალ მიქელაძე ადრეულ ასაკში სქესის შეცვლის ოპერაციების რისკებზე საუბრობს

სქესის შეცვლის ოპერაციების თანმდევ რისკებთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტმა სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება კანონით აკრძალა.

ამიტომაც, რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში და რა კვლევები არსებობს, ამასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2-ს" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესიით პედიატრი ზაალ მიქელაძე ესაუბრა.

სრულ ინტერვიუს ზაალ მიქელაძესთან დღეს შემოგთავაზებთ.

დეპუტატის, ასევე, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის შეფასებით, სქესის შეცვლის ოპერაცია, ამ შემთხვევაში, არასრულწლოვან ასაკში გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რომელიც ქირურგიულ დასახიჩრებასთან ერთად, გულისხმობს შემდგომში მძიმე დეპრესიულ მდგომარეობასაც. ამასთან, მისივე თქმით, მსგავს საკითხზე მოზარდებში პროპაგანდა მიუღებელია.

"მე პროფესიით ვარ პედიატრი და, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში გადმოვედი, არ ვტოვებ არცერთ საერთაშორისო ჟურნალს, რომელსაც არ ვეცნობი. ეს ხმაური იცით, რომ ყველაზე მეტად მოდის აშშ-დან და მკაცრი მოთხოვნაა, [ასევე], ევროპის ბევრი მაღალჩინოსნის მხრიდან, რომ ჩვენ შევუერთდეთ მათ მოწოდებებს ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით. ასევე, მოითხოვენ, რომ მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში ბავშვებს, დავრთოთ უფლება თვითონ განსაზღვრონ თავისი სქესი. თვით ამერიკის პედიატრიულმა საზოგადოებამ, რომელიც საკმაოდ ცნობილი სახეებით არის წარმოდგენილი, დაგმო და მოუწოდა ამერიკის კონგრესს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ გადახედონ ამ ნორმებს, შეაჩერონ, ნუ ღუპავენ თაობებს, იმიტომ რომ, ვინც მედიცინაში ჩახედულია და ვისაც, უბრალოდ ბიოლოგია შეუსწავლია იცის, რომ მხოლოდ X და Y არსებობს და არ შეიძლება რაიმე მესამე არსებობდეს.

ნებისმიერმა ბავშვმა შესაძლოა ბავშვობაში ითამაშოს გოგოს როლი, ან პირიქით, გოგომ ბიჭის როლი სხვადასხვა შინაურულ თუ სასკოლო სცენებში და კარგად გამოუვა ეს სცენა,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ან მშობლებს ან უკვე მას [ შესაძლებელია სქესის უფლება უნდა მივცეთ]. 12 წელზე ზემოთ უკვე ითხოვენ, რომ ბავშვსაც დავრთოთ ამის უფლება და 8-დან 12 წლამდე კი მშობლებს შეუძლია გადაწყვიტოს, რა ურჩევნია. ეს ყველაფერი იწვევს, ასე ვთქვათ, საუბედუროდ, როგორც ქირურგიულ დასახიჩრებას, ისევე, მედიკამენტოზურ, ამ შემთხვევაში ჰორმონულ დასახიჩრებას. გავიდა რა წლები, იმ ქვეყნებში, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები გარკვეული ასაკის შემდეგ განიცდიან დეპრესიას და ეს დეპრესია არ არის მორიგი, რაღაცით განაწყენებული ადამიანის დეპრესია, არამედ ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მიდის სუიციდამდე და არავის არ შეუსწავლია ამის გრძელვადიანი შედეგები. თავი რომ დავანებოთ ჩვენს მენტალიტეტს, ჩვენს ტრადიციებს, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია, მე ხაზს ვუსვამ სამედიცინო თვალსაზრისით, როგორც პედიატრის ხედვით, კატეგორიულად მიუღებელია, რომ ამის პროპაგანდა გავწიოთ სკოლაში და ვიღაცები ცდილობდნენ, რომ საბავშვო ბაღებშიც კი შემოეტანათ სწავლების, როლების თამაშების სახით. სკოლებში უკვე აღმოჩნდა საუბედუროდ რაღაც მსგავსი შემთხვევები. ამიტომ გამოვედი სწორედ ინიციატივით, რომ ეს ამ ქვეყანამ არ უნდა დაუშვას. გარწმუნებთ, გავა წლები და ამ ქვეყნის ისტორია ამას სწორედ შეაფასებს. იმიტომ, რომ ჩვენ აქ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად შეუვალები ნებისმიერ მუქარაზე. ყველაფერზე უნდა წავიდეთ, რომ არ დავუშვათ ეს აგიტაცია და პროპაგანდა, რაც განსაკუთრებით ბავშვებს ეხებათ.

აქვე აღვნიშნავ, ვინმემ არ აურიოს უფლებებში, იმიტომ რომ, მე როგორც ექიმი, როგორც ამ საზოგადოების წევრი კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ ძალადობას მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ. ეს იქნება აბსოლუტურად გამიჯნული და დაცული ყველას უფლება, მაგრამ, ამავდროულად, ვერ მივცემთ უფლებას ეს პროპაგანდა იყოს ყოველდღიური პრესასა და ტელევიზიაში, სოცქსელები მთლიანად დაცული საუბედუროდ არა გვაქვს, მაგრამ სადამდეც შეძლებს სახელმწიფო საკუთარი ბერკეტების გამოყენებას, რომ ეს დავიცვათ, ეს უნდა იყოს დაცული," - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა კანონი სახელწოდებით - "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონი 17 სექტემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი განსაზღვრავს ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხებს. საკანონმდებლო პაკეტით ხდება აღსრულების მექანიზმებისა და კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი მექანიზმების განსაზღვრა. ამასთანავე, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება. კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია.

 

დღის ამბები