"ეს არის ძალიან კომპლექსური პროცესი და ამ პროცესის შემდგომ უკვე საჭირო იქნება ვნახოთ, თუ რამდენად აქვს რუსეთს სურვილი, რომ ამ პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა"დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, რუსეთის მხრიდან "თუკი ცვლილების ტენდენცია შეიმჩნევა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია."
"საქართველოსთვის ნომერი ერთი, ეროვნული ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ერთ სახელმწიფოში აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან თანაცხოვრების გზების ძიება - ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ამოცანის მიღწევის მთავარი ხელისშემშლელი გარემოება არის ოკუპაცია, რუსული მხარის პოზიციონირება და, რა თქმა უნდა, ამ პროცესში თუკი ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მნიშვნელოვანი არის, თუ როგორი იქნება თავად რუსეთის ფედერაციის პოზიციონირება, პოზიციები და როგორი იქნება მისი როლი ამ მიმართულებით. მსგავსი განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, თუკი შეიძლება ითქვას, რომ გვჯეროდეს რუსეთის ასეთი სურვილის, რომ მან ხელი შეუწყოს რაღაც ნორმალიზებას ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით, რომ გავაკეთოთ შეფასებები. ეს არის ძალიან კომპლექსური პროცესი და ამ პროცესის შემდგომ უკვე საჭირო იქნება ვნახოთ, თუ რამდენად აქვს რუსეთს სურვილი, ამ პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს. სხვაგვარად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და საქართველოს ამ მიზნის მიღწევაზე წარმოუდგენელია საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის სახელმწიფო, რომელსაც აქვს დღეს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, იყოს სხვა დამოკიდებულებით ამ საკითხის მიმართ. თუკი ცვლილების ტენდენცია შეიმჩნევა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
[ოპოზიციის] სპეკულაციები ნამდვილად უადგილოა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა როგორ ვაღიაროთ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა, არამედ, როგორ აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვეძიოთ გზები ამ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებისთვის, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ოპონენტები სხვა რაღაცაზე საუბრობენ და სხვა არის მათი მიზანი. ზოგადად, მათ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ყველაფრისადმი, რაც ქვეყნის განვითარებას ეხება, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და, ზოგადად, ჩვენს დამოკიდებულებაზე აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან. თქვენ ნახეთ მათი რეაქციები და ამაზე მე აღარ შევჩერდები," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, ბოჭორიშვილმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ევროინტეგრაციის როლზეც ისაუბრა.
"რაც შეეხება ევროინტეგრაციას და ევროინტეგრაციის როლს ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, როდესაც ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე და როგორ შეიძლებოდა ვთქვათ მოგვეძებნა გზები იმისთვის, რომ აფხაზეთისა და ოსეთის მოსახლეობისთვის, ისინი, ვინც ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ეს სიკეთე ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამაზე ვზრუნავდით, როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გქონდა დიალოგი ევროკავშირთან. ანუ ეს არის საკითხი, რომელიც მუდმივად დგას ჩვენს დღის წესრიგში, როდესაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზეა საუბარი. ერთია - ევროკავშირში ინტეგრაცია, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და მეორეა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რა თქმა უნდა, ეს არის ის ამოცანა, რომელიც ჩვენ გვამოძრავებს და ამაში საქმე. ჩვენ გვსურს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რაც შეიძლება ქვეყანამ მიიღოს საბოლოო ჯამში ევროკავშირსი გაწევრიანებით," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს."