16 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს აინტერესებდა რას ფიქრობდა ქართველი ხალხი და არასდროს აინტერესებდა არჩევნები, ეს არ იყო მათთვის ხელისუფლების მიღების წყარო - მაკა ბოჭორიშვილი

"გვარამიას კიდევ ერთი აღიარება, თუ რა არის მათი მიზანი, ეს განცხადება კიდევ ერთი გამოსაფხიზლებელია ქართველი ხალხისთვის, იმისათვის, რომ კარგად გავაცნობიეროთ რამდენად მნიშვნელოვან არჩევნებთან გვაქვს საქმე", - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი "დღის კურიერის" ეთერში ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

ნიკა გვარამიას თქმით, "რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს? იმიტომ, რომ ცესკო სულ იტყუება, მთავარია ხალხი რას გრძნობს".

მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს აინტერესებდა არც ხალხი და არც არჩევნები. ნიკა გვარამია და "ნაციონალური მოძრაობა" კი სახელმწიფოს, დემოკრატიული პროცესების და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გვარამიას განცხადებას გამოსაფხიზლებელი უწოდა ქართველი ხალხისთვის. 

"გვარამიას კიდევ ერთი აღიარება, თუ რა არის მათი მიზანი, ერთი უნდა ითქვას - "ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს აინტერესებდა რას ფიქრობდა ქართველი ხალხი და არასდროს აინტერესებდა არჩევნები, ეს არ იყო მათთვის ხელისუფლების მიღების წყარო, ასე იყო ყოველთვის. ასე იყო 2024 წელს და მათ დასჭირდათ იძულება, რომ არჩევნების შედეგები ეღიარებინათ, 2016 და 2012 წელსაც მათ დასჭირდათ იძულება, რომ არჩევნები ეღიარებინათ. ამ თვალსაზრისით არაფერი ახალი არ ხდება.

მეორე, რაც ძალიან შემაშფოთებელია და რასაც ძალიან დიდი ხანია ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", მე ნიკა გვარამიას სხვანაირად ვერ ვხედავ - ეს ერთი და იგივე ძალაა, რასაც ესენი ცდილობენ, არის სახელმწიფოს მთლიანად დისკრედიტაცია, დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია ამ ქვეყანაში და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეტევები მუდმივად სასამართლოზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, სხვადასხვა დამოუკიდებელ ორგანოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, ეს ემსახურება ერთადერთ რამეს - ძირი გამოუთხარონ სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას ჩვენი ქვეყნისა. ეს არის მათი მიზანი, ამას ემსახურება ყველაფერი.

ახლა რაც შეეხება არჩევნებს და არჩევნების იმედებს, აქ ძალიან საინტერესო ანონსი ჰქონდათ რისი იმედი აქვთ - აქ კიდევ ერთხელ ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა პარტნიორებმა და ძალიან საყურადღებოა ეს განცხადება, თუ რას ელოდებიან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი ელიან, რომ საქართველოში ელჩები, უცხოელი დიპლომატები შეაფასებენ ნეგატიურად ყველაფერ ამას და ეს იქნება საფუძველი მათთვის, კიდევ ერთხელ ეცადონ ქვეყანაში არეულობას.

რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს "ქართულ ოცნებას" – "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა და აქვს ქართველი ხალხის იმედი. მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება კიდევ ერთი გამოსაფხიზლებელია ზუსტადაც ქართველი ხალხისთვის, იმისათვის, რომ კარგად გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვან არჩევნებთან გვაქვს საქმე და რამდენად მნიშვნელოვანია ახლა მშვიდობისა და სწორ მხარეს დგომა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს დგას დესტაბილიზაცია და არეულობა, რომელიც ამ ქვეყანას ვერც მშვიდობას, ვერც სტაბილურობას და ვერც ევროპულ მომავალს ვერ მოუტანს. სამწუხარო რეალობა ასეთია, ასეთი ოპოზიცია ჰყავს დღეს საქართველოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლებობა და მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან თუ რასთან გვაქვს საქმე", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები