16 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
"მეგობრული გაუგებრობა" თუ დაპირისპირება გახარიას გუნდში ადეიშვილის კადრების, მეზვრიშვილისა და თავაძის გამო

"მეგობრული გაუგებრობა" - ასეთია გიორგი გახარიას განმარტება ფაქტზე, რომ მისი პარტიის საარჩევნო სიაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ დაუშვილი არ მოხვდა. თავად მიხეილ დაუშვილი კი აცხადებს, რომ სიაში არყოფნის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

გიორგი გახარია საარჩევნო სიის პრეზენტაციის დროს ამბობდა, რომ 2-3 ადამიანი, მათ შორის მიხეილ დაუშვილი, პარტიულ სიაში გამორჩა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარიას მიხეილ დაუშვილი სიაში საერთოდ არ ჩაუწერია, გიორგი გახარიამ თავისივე განმარტება შეცვალა და "მეგობრული გაუგებრობა" უწოდა პარტიულ სიასთან დაკავშირებით მიხეილ დაუშვილის გარშემო არსებულ სიტუაციას.
 
გიორგი გახარია დღეს ამტკიცებს, რომ ის მიხეილ დაუშვილი საპარლამენტო სიაში ყოფნის მომხრეა თუმცა, როგორც თავად თქვა, სიები უკვე წარდგენილია ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში.

"ძალიან მინდოდა და დღესაც მინდა, რომ მიშა დაუშვილი საქართველოს პარლამენტში ყოფილიყო, რადგან მიშა არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პარლამენტარი. რასთან გვაქვს საქმე - მეგობრულ გაუგებრობასთან," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
"გახარია-საქართველოსთვის" ლიდერმა არ უპასუხა დღეს დასმულ კონკრეტულ კითხვას და გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ დაუშვილს ჰქონდა ერთგვარი წინააღმდეგობა სიაში ნათია მეზვრიშვილისა და ზაზა თავაძის დაწინაურების შესახებ. გიორგი გახარიამ ყურადღება მათ კვალიფიკაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პარტიაში არანაირიო პრობლემა არ ყოფილა.

"ქალბატონი ნათია მეზვრიშვილი იყო ღირსეული თანამშრომელი საქართველოს პროკურატურის. რაც შეეხება ზაზა თავაძეს - ბატონი ზაზა თავაძე იყო ერთადერთი კეთილსინდისიერი, ნამდვილი მოსამართლე, რომელმაც იცის, რა არის ქვეყნისა და მართლმსაჯულების მსახურება," - აცხადებს გიორგი გახარია.
 
არჩევნებამდე 1 თვით ადრე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გარდა, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით გაურკვევლობაა სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის 27-ე ნომერმა, ზაზა გოგავამ სიიდან ამოღება მოითხოვა და შესაბამისი წერილით ცესკოსაც მიმართა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებიათ.
 
 
დღის ამბები