20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
"არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ სახელმწიფოსგან სასამართლოზე რაიმე ზეწოლა ხდებოდეს", - პაატა სალია

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო სხდომაზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ, განმარტა, თუ რატომ არ ეთანხმება მოსამართლის აცილების მოთხოვნას. 

პაატა სალიას თქმით, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ სახელმწიფოსგან სასამართლოზე რაიმე ზეწოლა ხდებოდეს.

"მიუხედავად არაერთი ემოციური განცხადებისა, სამართლებრივი საფუძვლები ვერ მოვისმენთ, რა შეიძლება გახდეს მოსამართლის აცილების წინაპირობა," - განაცხადა სალიამ.

პაატა სალიამ მოსამართლის მიკერძოებულობაზე არსებულ ეჭვზე ისაუბრა.  

"ეს ეჭვი ხელოვნურად არის შექმნილი მოპასუხეთა მიზანმიმართული მოქმედებით,"-აცხადებს სალია. 

პაატა სალიამ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შუამდგომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ არაერთხელ ვიმსჯელეთ მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზე. არანაირი საფუძველი და მტკიცებულება არ არსებობს, რომ ჩვენ შეიძლება განგვესაზღვრა ვინ იქნებოდა ამ საქმეზე მოსამართლე," - განაცხადა სალიამ.

პაატა სალიამ ვადებზეც გააკეთა განცხადება.

"ორივე შემთხვევაში სასამართლომ კანონით მიღებული ვადებით იხელმძღვანელა,"-აცხადებს სალია. 

პაატა სალიამ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის საქმეზეც ისაუბრა. პაატა სალია ამ თემაზე რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და ჟურნალისტი მიკერძოებულობაში დაადანაშულა. 

"ის გარემოება, რომ მოსამართლის დედის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება, არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა. სიუჟეტი სწორედ ამ ფორმით იყო გადაცემული. ამავე სიუჟეტში იყო საუბარი, რომ თამაზ ურთმელიძეც იმყოფება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფრთხის წინაშე, და სწორედ ეს არის გამოყენებული დღევანდელი ხელისუფლების მიერ, რომ მოსამართლემ ხელისუფლებისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს. ამაზე მხოლოდ მხარის წარმომადგენელი ჟურნალისტი საუბრობს, რომელიც მიკერძოებულია და ვერ იქნება ობიექტური," - აცხადებს სალია. 

ადვოკატი მოსამართლის მეუღლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარსაც გამოემხურა. სალიას თქმით,  ეს არის კერძო ხასიათის განცხადება. პაატა სალია ამბობს, რომ მას აქვს გამოხატვის თავისუფლება და არ შეიძლება ეს უფლება შეიზღუდოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები