ბრიუსელში ევროპული საბჭოს ლიდერების შეხვედრას, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოში მიმდინარე მოვლენებია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა.
წილოსანის განცხადებით, გაუგებარია, საქართველო რა საჭიროებიდან გამომდინარე შემოვიდა ამ დისკუსიაში, რადგან სამიტის ძირითადი დღის წესრიგის საკითხი უკრაინას ეხება.
"ბრიუსელის სამიტი და ის წინა განცხადებები, რომელიც წინასწარ მოვისმინეთ, ცოტა უცნაურად ჟღერს, რადგანაც, წინასაარჩევნოდ, ამ მოცემულობაში, ასეთი განცხადებები საარჩევნო პროცესებში ჩარევას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურად აქტუალურ საკითხს. ამ სამიტის ძირითადი დღის წესრიგის საკითხი სწორედ რომ უკრაინა არის, ამიტომ, საქართველო რა საჭიროებიდან გამომდინარე შემოვიდა ამ დისკუსიაში, ნამდვილად გაურკვეველია. ამავდროულად, რიგი განცხადებები, რომელიც საზღვარგარეთიდან და ევროპიდან კეთდება, მაფიქრებინებს, რომ კარგად არ იციან ამ ადამიანებმა, რომ საქართველოში ტარდება ეროვნული არჩევნები და არა ევროპარლამენტის არჩევნები. ეს არჩევნები არანაირად არ გულისხმობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, რადგანაც ეს ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გაწერილი და ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს პოლიტიკა წარმატებით ხორციელდება. ახლა რისი არჩევნებიც არის, ეს არის რეალურად ამ ქვეყანას აქ მცხოვრები ადამიანები მართავენ, თუ გარედან დანიშნული და სწორედ ამ ეგზისტენციური არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ამომრჩეველი და არა იმის, თუ რა განცხადებებიც გარედან გვესმის"- აცხადებს ნინო წილოსანი.