"ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მარშზე სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროპას" საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები იკრიბებიან, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერები არიან.
"არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ბოლო გაფრთხილებაა არჩევნებამდე ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ მომავალს.
მე რამდენადაც ვიცი გამოდიან საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები და ჩვენთვის დღეს, მთავარი არის ის, რომ ყველანი ერთად ვიდგეთ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მარშს პარტია "ახალის" წარმომადგენლებიც უერთდებიან. პარტიის თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქართველი ხალხის ფიქრობს ისე, როგორც ფიქროდნენ წინაპრები.
"დღევანდელი აქცია სიმბოლური ხასიათის არის. გვინდა ვაჩვენოთ საქართველოსაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც, რომ ჩვენი არჩევანი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, როგორ იქცევა და რას ამბობს "ქართული ოცნება". ქართველი ხალხის ფიქრობს ისე, როგორც ფიქროდნენ ჩვენი წინაპრები, როგორც გვიწერია კონსტიტუციაში და როგორც უნდათ ჩვენს ახალგაზრდებს. ჩვენ მივდივართ ევროპაში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მარშს უერთდება ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარიაც.
"ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის, რომლის დაკვეთაც იყო დღევანდელი მარში, რომ მთელ დასავლურ ცივილიზაციას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომელიც გვადევნებს თვალს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ რა არის ქართველი ხალხის სათქმელი და არჩევანი - ქართველი ხალხი არის ერთგული საქართველოს ევროპული გზის. ჩვენ ჩვენს მომავალს ვხედავთ ევროკავშირში", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.