21 ოქტომბერი 2024,   16:36
ვრცლად
"ეტყობა მას შემდეგ აღარ გვიცნობ, რაც: "ომეგა ჯგუფის“ 5 მილიონამდე თანხა გაფლანგე" - "მთავარი არხის" დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს

"მთავარი არხის" დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს.

"ნიკა, გაუგებარია, რომ ჩვენი ამდენწლიანი პირადი ნაცნობობა ვეღარ გაიხსენე და ჟურნალისტის შეკითხვაზე ჩემს შესახებ, განაცხადე: "კომუნიკაცია ცხოვრებაში არ მქონია და საერთოდ არ ვიცი, ვისზე ლაპარაკობთო".

შეგახსენებ, რომ კომუნიკაცია იმ დროიდან გვაქვს, როდესაც "რუსთავი 2"-დან გათავისუფლებული, ტელევიზიის გარეშე დარჩენილი "ომეგა ჯგუფმა" მიგიღეთ. მე და "ომეგა ჯგუფის" კომპანიების სხვა დირექტორებმა გადმოგეცით სარგებლობაში ჩვენს კუთვნილებაში არსებული ტელეკომპანია "იბერია-ტვ"-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, და არამხოლოდ იბერიას, არამედ ომეგა მოტორ ჯგუფის და ომეგა ჯგუფის ფაბრიკის ტერიტორიაზე არსებული შენობები.

ეტყობა მას შემდეგ აღარ გვიცნობ, რაც: გაფლანგე "ომეგა ჯგუფის" 5 მილიონამდე თანხა.

"მთავარ არხს" ფინანსური მაქინაციებით 11 მილიონი ვალი აჰკიდე, რომელიც დღემდე იზრდება და რომელიც აზარალებს "ომეგა ჯგუფს" და მის შენატანს "მთავარი არხის" კაპიტალში.

ნიუ სეილსის დირექტორ თეა გვარამიასთან ერთად "მთავარი არხის" ინკასოს პირობებში ფინანსური მაქინაციები ჩაატარე.

პარლამენტარ კობა ნაყოფიას მიერ უცხოეთიდან შემოტანილი 8 მილიონზე მეტი თანხის წარმომავლობის დამადასტურებელ დოკუმენტად საზღვრის კვეთისას შევსებული დეკლარაციის ნაცვლად ნაყოფიას პასპორტში ჩარტყმული საზღვრის კვეთის ბეჭდები წარმოადგინე.

"მთავარი არხის" სალაროში შემოტანილი თანხების წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთების ჩემ მიერ მოთხოვნისას თავის გატეხვით დამემუქრე.

ჩემსა და "ომეგა ჯგუფთან“ კომუნიკაციას ეტყობა მას შემდეგ ვეღარ იხსენებ, რაც "მთავარ არხზე“ მიმდინარე თანხების უკანონო ბრუნვას არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, არც საგადასახადო და საბაჟო სამსახურები, არც თიბისი და ეროვნული ბანკი ამჩნევენ, რადგან, როგორც „მთავარი არხის“ მეორე დირექტორი გიორგი გაბუნია მიცხადებს, „მთავარი არხი“ ზემოდან მფარველობის ქვეშაა და ტყუილად ცდებიო.

დასანანია, ნაცვლად იმისა, რომ მონაწილეობა მიგეღო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში, ჩვენი მოცემული პლატფორმა გამოიყენე ჩვენი და „მთავარი არხის“ დაზიანებისთვის, და პირადი და პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით მოიპოვე ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მფარველობა.

ნიკა, ევროპელობას რომ იჩემებ, ევროპული ღირებულებები არ არის პარტნიორის ღალატი, სიცრუე და ფინანსური მაქინაციები. ასეთი ქმედებები არ არის გზა გამარჯვებისაკენ“, - აცხადებს გიორგი ქურდაძე.

დღის ამბები