ნიკა გვარამიას განცხადებაზე მის მიმართ მუქარის შესახებ კომენტარი გააკეთა ნინია კაკაბაძემ. მან განაცხადა, რომ გვარამიას ღიად საუბარი მის მიმართ მუქარის შესახებ არის „ერთადერთი სწორი იარაღი ამ ბინძური მეთოდის წინააღმდეგ“.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საწყისი სწორედ იმისა, რომ მომავალში ვეღარ მოახერხებენ ვერავის დაშანტაჯებას პირადი ცხოვრებით. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ყველა ადამიანის ცხოვრება არის მისი პირადი ცხოვრება. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთმანეთის უფლებებს დავიცავთ, რა კადრებიც არ უნდა ჰქონდეთ და რაც არ უნდა გვითხრან. პირადი ცხოვრება არის პირადი ცხოვრება და თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს არ ლახავს, და სხვას არ ვნებს, არავის საქმე არ არის და ეს ერთხელ და სამუდამოდ ყველამ კარგად გაიგოს. ეს იქნება უარესი, თუ კი ისინი ამ იარაღს ოდესმე ნიკა გვარამიას, თუ ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენებენ,. დასრულდა ეს ეპოქა. საზოგადოება განვითარდა იქამდე, რომ ამას მოჰყვება უკურეაქცია. ამიტომ გეყოთ და დაასრულეთ ამ ბინძური მეთოდებით ბრძოლა.
ახლა გაცილებით პრინციპულია ის, რომ რუსთავი 2 გადარჩეს იმ სახით, როგორი სახითაც არსებობს. ჩვენ ფიზიკურად დავიცავთ ამ ტელეკომპანიას, მის ჟურნალისტებს და ყველა ადამიანს, ვინც აქ მუშაობს. ყველა ზღვარს გადავიდა საქართველოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ უფლებას, რომ ამ მიზანს მიაღწიონ“, - აღნიშნა ნინია კაკაბაძემ.
მან ყველა იმ ადამიანს მოუწოდა ხვალ 22 ოქტომბერს სასამართლოსთან მისვლისკენ, ვინც ფიქრობს, რომ ტელევიზიასთან ასეთი მეთოდებით ბრძოლა არ შეიძლება.