საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დღევანდელ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ პროკურატურამ დროულად უნდა მოახდინოს რეაგირება. ადვოკატის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე სამართლიანი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებას მიიღოს.
„თავისთავად უმძიმესი დანაშაული არის ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა ხდება, არღვევენ ადამიანის უფლებებს და ხდება შემდეგ ამით დაშანტაჟება, ამიტომ გამოძიება რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს. იმედი მაქვს, რომ პროკურატურის წარმომადგენლები გამოვლენ და შესაბამის განცხადებას გააკეთებენ. ეს არის ძალიან სენსიტიური საქმე, საზოგადოების ინტერესის საგანი და ეს არის საგანი, რომელიც ეხება გარკვეულწილად საჯარო პირს, მედიის წარმომადგენელს, ამიტომ მიმაჩნია, რომ პროკურატურა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს საქმეს და უმოკლეს ვადებში დაადგინოს დანაშაულის შესახებ ინფორმაცია. პროკურატურის ქმედებას ამ შემთხვევაში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე მაქვს იმედი, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და სასამართლო დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას,“ - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.