ქიბარ ხალვაშის სახელით დღის პირველ ნახევარში გავრცელდა განცხადება და მისი ადრესატები იყვნენ რუსთავი 2-ის თანამშრომლები. ქიბარ ხალვაში თავის განცხადებაში წერს:
„არხი არ დაიხურება, სამსახურს არავინ დაკარგავს. ტელევიზიაზე ჩემი უფლებების აღდგენის შემდეგ ამუშავდება პრინციპი - ყველას მინუს ერთი და ეს მინუს ერთი სწორედ კოლექტიური გვარამია იქნება, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მართლაც შესტკივა გული თავისუფალ სიტყვაზე და დამოუკიდებელ მედიაზე. სწორედ ამიტომ მოგმართავთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, – "რუსთავი 2"-ის დაბრუნებასთან დაკავშირებულ დავაში ჩემი გამარჯვება იქნება სწორედ გარანტია იმისა, რომ ჩვენი არხი გახდება მიუკერძოებელი მედიასაშუალება და დაიბრუნებს საზოგადოების მხრიდან პატივისცემას.
გპირდებით, ყველას - ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, ოპერატორებს, ტექნიკურ მუშაკებს _ ტელეკომპანიაში თქვენი მუშაობა გახდება თავისუფალი ნებისმიერი სახის ზეწოლისგან, კომფორტული, დაცული და დაფასებული. თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა დაემყარება მხოლოდ თქვენსავე პროფესიონალიზმს და ჟურნალისტური ეთიკისადმი თქვენს ერთგულებას.
ვაცხადებ ღიად, ვაცხადებ საჯაროდ! არხის ნებისმიერ თანამშრომელი, რომელიც თვლის, რომ მისი უპირველესი მოვალეობა არა პარტიული დავალებებისადმი, არამედ პროფესიონალურად და ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი სიტყვის ერთგულებაა, უმუშევარი არ დარჩება და არ დაკარგავს სამსახურს!
ერთადერთი, ვისაც ზემოთქმულს არ დავპირდები, ეს სწორედ ტელეკომპანიის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი და მისი პრინციპების გამზიარებლები არიან. "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის გამტარებლები ვერ იქნებიან იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომელსაც პრეტენზია აქვს თავისუფალ სიტყვაზე და მიუკერძოებლობაზე“, - განაცხადა ხალვაშმა.