ჟურნალისტი დავით პაიჭაძე კურიერის პირდაპირ ერთერში რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა.
„ჩვენ გვაქვს საქმე ადამიანთან, რომელიც არის ძალიან ჯინიანი, ძალიან მიზანდასახული და ჩვენთვის მიუწვდომელი ლოგიკით. მას როგორც ჩანს გააჩნია გარკვეული ფსიქიკური თავისებურებები, რომელთან წვდომაც ჩვენ არ შეგვიძლია. მე ამას არ ვლაპარაკობ შეურაცხყოფისთვის, ეს ფაქტია. გაგიჭირდება ამოიცნო მისი სვლები წინასწარ,“ - ამბობს დავით პაიჭაძე.
ჟურნალისტი პარალელებს ავლებს რუსეთთან და ამბობს, რომ რუსთავი 2-ს საქართველოში მცხოვრები თავისუფალების მოყვარული ხალხი დაიცავს, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობა არ შეუძლია. დავით პაიჭაძე ივანიშვილს მეტყველებასაც უწუნებს და ამბობს, რომ მისი საუბარი ხაზს უსვამს მის უწიგნურობას.
„ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ ადამიანებთან ურთიერთობას შეჩვეული არ არის, ის შეჩვეულია ურთიერთობას მორჩილ ადამიანებთან, ადამიანებთან რომლებსაც მისი მართებთ, რომლებსაც მისი ეშინიათ. ეს ადამიანი დღეს ჩვენ გვაზის თავზე,“ - ამბობს დავით პაიჭაძე.
პაიჭაძის აზრით დღეს ხელისუფლება მიდის ვაბანკზე, რომლის პოზიციაც მისი თქმით ასეთია - „გაუშვი ვძულდე, ოღონდ ეშინოდეთ.“
ჟურნალისტი საპატრიარქოსაგან და პრეზიდენტისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ელოდება.