ტელეარხის ხელმძღვანელი მთავრობას შანტაჟში ადანაშაულებს - ამ შინაარსის სტატიას აქვეყნებს სააგენტო ფრანს პრესი. ავტორი ნიკა გვარამიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით ხელისუფლება ცდილობს, მას პოსტის დატოვება აიძულოს.
სტატიაში წერია, რომ რუსთავი 2-ის მფლობელობისთვის მწვავე ბრძოლამ დასავლეთში შიში გამოიწვია, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება შესაძლოა ცდილობდეს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას.
ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველი უფლებადამცველი ორგანიზაციებიც და დასავლეთის დიპლომატებიც საუბრობენ მთავრობის მხრიდან ტელეარხის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავაში შესაძლო ჩარევაზე, რაზეც შეერთებულმა შტატებმაც გააკეთა განცხადება და შემაშფოთებელი უწოდა ხელისუფლების ქმედებებს, რომელიც მედიას შეზღუდულად წარმოაჩენს.