რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა. საგამოძიებო უწყება გვარამიას გუშინ მის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებზე დაკითხავს.
საუბარია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მუქარისა და შანტაჟის ფაქტების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.
ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატთან ლევან ვეფხვაძესთან ერთად იმყოფება.
"ჩემი ადვოკატი არ იმყოფება საქართველოში. ვიდრე ახალ ადვოკატს ვიპოვიდი, დრო დამჭირდა და შევთანხმდით ამ დროზე. ვაპირებ დავასახელო ის ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია მომიტანა და არა - მემუქრებოდა. ის იყო ინფორმაციის მომტანი მთავრობისგან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მან ეს გააკეთა. ეს ადამიანი ასეთად ირაკლი ღარიბაშვილმა დამისახელა 2013 წლის ბოლოს. ამ ადამიანს ვიცნობ, ვენდობი და მთავრობასთანაც აქვს მას ურთიერთობა. ეს ადამიანი იყო მესენჯერი ჩვენს შორის. ეს ადამიანი არ არის გედი ფოფხაძე. ის არის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, თუმცა არა მაღალი თანამდებობის პირი," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელს იურიდიული დახმარება მათ თავად შესთავაზეს.
მთავარ პროკურატურასთან იმყოფებიან ჟურნალისტები და ნიკა გვარამიას ოჯახის წევრები.