"რანაირად შეიძლება ერთმა ადამიანმა უბანზე, რომელშიც მოდის დაახლოებით, 1 500 ამომრჩეველი, გააკონტროლოს და მოახდინოს იდენტიფიცირება იმისა, თუ ვინ ვის მისცა ხმა, აბსურდია", - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის თქმით, ხმის მიცემის ფარულობა რომ დაცული არ ყოფილიყო, ერთი საჩივარი მაინც დაიწერებოდა.
"ხმის მიცემის ფარულობა რომ დაცული არ ყოფილიყო, მაშინ, როდესაც, მთელი დღის განმავლობაში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პროცესში, ერთი საჩივარი მაინც დაიწერებოდა, რომ ფარულობა არ არის დაცული. მთელი საქართველოს მასშტაბით, ფაქტობრივად, ამასთან დაკავშირებით საჩივრები არ ყოფილა, ანუ კითხვები ამასთან დაკავშირებით არ გაჩენილა. 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა საკუთარ თავზე განიცადა ეს პროცესი, ვინმესგან გაგიგიათ მათი გადაწყვეტილების შესახებ ვინმესთვის იყო ცნობილი?!
შეუძლებელი იყო ვინმეს მხრიდან დაკვირვება იმაზე, ვისთვის შეიძლება ამომრჩეველს მიეცა ხმა. თეორიულად რომც დავუშვათ, ადამიანი, რომელიც აპარატთან იდგა და ეხმარებოდა ამომრჩევლებს ბიულეტენის შეცურებაში, რანაირად შეიძლება ერთმა ადამიანმა უბანზე, რომელშიც მოდის დაახლოებით 1 500 ამომრჩეველი, გააკონტროლოს და მოახდინოს იდენტიფიცირება იმისა, თუ ვინ ვის მისცა ხმა, აბსურდია", - განაცხადა გიორგი კახიანმა.