"ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ასეთი ამოცანა აქვთ: არჩევნები, რომელიც ნამდვილად სამართლიანი და თავისუფალი იყო და ეს საზოგადოებამ თავად ნახა, ასეთ არჩევნებზე თქვან, რომ რაღაცნაირად არის გაყალბებული. ამ წვალებაში, რომ რაღაცა მტკიცებულებები მოიძიონ, უამრავ რამეს მიედ-მოედებიან და, საბოლოოდ, არიან ძალიან მძიმე, სასაცილო მდგომარეობაში," - ეს განცხადება "დღის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი კახიანმა გააკეთა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია არა არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების მოპოვება, არამედ საზოგადოებაში ასეთი აღქმის შექმნა.
"ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვაფასებდით და ვპროგნოზირებდით იმას, თუ რა მოხდებოდა და როგორ განვითარდებოდა ეს პროცესები. ვამბობდით, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის კი არ ემზადება, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის, რადგან წინასაარჩევნოდ მათი აქტიურობა თუ რაოდენ დაბალი იყო, საზოგადოებამ კარგად ნახა - არც შეხვედრები ჰქონიათ და, ძირითადად, სულ სხვა თემებით იყვნენ დაკავებულები.
მაშინაც ვამბობდით, როდესაც ოპოზიცია დარწმუნდება იმაში, რომ ისინი დამარცხდებიან ამ არჩევნებში, შემდგომ დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ არჩევნები გაყალბდა და [განვითარდება] ის სცენარი, რომელიც უკვე ნანახი გვაქვს. ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ასეთი ამოცანა აქვთ: არჩევნები, რომელიც ნამდვილად სამართლიანი და თავისუფალი იყო და ეს საზოგადოებამ თავად ნახა, ასეთ არჩევნებზე თქვან, რომ რაღაცნაირად არის გაყალბებული. ამ წვალებაში, რომ რაღაცა მტკიცებულებები მოიძიონ, უამრავ რამეს მიედ-მოედებიან და, საბოლოოდ, არიან ძალიან მძიმე, სასაცილო მდგომარეობაში.
დაახლოებით, ანალოგიური თანმიმდევრობით, ანალოგიური თანმიმდევრობით განვითარდება ეს პროცესი, როგორც 4 წლის წინ იყო. დღეს, ფაქტობრივად, ყველა დარწმუნებულია და თვითონაც იციან, რომ ეს არჩევნები მართლაც ლეგიტიმურია და არც არანაირად არ გაყალბებულა და იმიტომაც არის, რომ ხან რას იტყვიან და ხან რას. ამ ყველაფრის მიზანი ის კი არ არის, რომ მტკიცებულებები დადონ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, - ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს, როგორ შეიძლება საქართველოში 350 000 ხმა ყალბდებოდეს, წარმოუდგენელია, - ამის მიზანია ის, რომ საზოგადოებაში შექმნან ასეთი აღქმა," - განაცხადა გიორგი კახიანი.