05 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
"ფარულობა არის ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების დარღვევა, როგორიც არის არჩევანის თავისუფლება, რა თქმა უნდა, დასაბუთებულია ყველა საჩივარი, რომელიც ფარულობას ეხება" - თამარ კორძაია

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და ორი ოლქის შედეგები ბათილად ცნო, პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. ოპოზიციის წევრები მოსამართლის გადაწყვეტილებას ობიექტურად მიიჩნევენ. მათი შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით არჩევნებთან დაკავშირებული ეჭვები დადასტურდა.

"სამარცხვინოა, როცა გირგვლიანის საქმის მოსამართლეობა თურმე აღარ არის კომპრომატი და კომპრომატია რომელიღაც მოსამართლის მეუღლის კრიტიკული განწყობები და კომენტარები Facebook-ზე. კითხვის ნიშნებს აჩენს "ქართული ოცნების" ძალადობრივი, გამყალბებლური პოლიტიკა, რომელმაც დაამახინჯა საქართველოს მოქალაქეების ნება, ისეთ პროცესში გადაიყვანა არჩევნები, სადაც ამომრჩევლის ნება არ იყო ფარული და ისინი იყვნენ ზეწოლის ქვეშ," - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.

"ფარულობა, ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლების დარღვევა, როგორიც არის არჩევანის თავისუფლება, თავისუფალი ნების გამოვლენა არჩევნების დღეს, რაც უზრუნველყოფილია ფარულობით. რა თქმა უნდა, დასაბუთებულია ყველა საჩივარი, რომელიც ფარულობას ეხება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბედნიერება არ არის ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი მოსამართლე გვყავს თავისუფალი," - ამბობს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ კორძაია.

ცნობისთვის, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ცესკო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინებას, რომელმაც წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნების შედეგები გააუქმა. ცესკოში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავას.

 

დღის ამბები