05 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
თენგიზ შარმანაშვილი: ელისაშვილმა 20:58 საათზე შეაქო მოსამართლე, მოსამართლემ კი 22:08 საათზე გამოაცხადა გადაწყვეტილება - პოლიტიკოსებმა საიდან იცოდნენ წინასწარ?! ხომ აშკარად დარღვეულია სასამართლოს თათბირის საიდუმლოება

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის ნაწილს მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა. მაგალითად დასახელდა ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომელმაც ერთ-ერთ ტელეარხზე ჩართვის დროს, სასამართლოს მხრიდან ფარულობის დარღვევის დადასტურებაზე, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 1 საათით ადრე ისაუბრა.

"20:58 საათზე "ტვ პირველს" მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შეაქო მოსამართლე ასეთი გადაწყვეტილებისთვის. 21:11 საათზე საზოგადოებრივ არხს მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა იგივე და თქვა, რომ გამბედავია ის მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და პირდაპირ ასახელებს გადაწყვეტილების შინაარსს. 22:08 საათზე დაიწყო მოსამართლემ ამის გამოცხადება, ერთი საათის შემდეგ. თუ აქ პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი არ იყო ეს და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, პოლიტიკოსებმა საიდან იცოდნენ წინასწარ ამ გადაწყვეტილების შესახებ?! - აქ ხომ აშკარად დარღვეულია სასამართლოს თათბირის საიდუმლოება", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები