პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან დასრულდა. დღის ბოლოს გიორგი მარგველაშვილი სამოქალაქო სექტორის, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა.
არასამთავრობო სექტორი, როგორც დამოუკიდებელი მხარე ამ პროცესში, შეეცდება არამხოლოდ პრეზიდენტს ესაუბროს, არამედ პარლამენტის თავმჯდომარესაც და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა შტოსაც.
როგორც მესამე სექტორი აცხადებს, ისინი შეეცდებიან იტვირთონ გარკვეულწილად მედიატორის ფუნქცია.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის განცხადებით, ისინი მზად არიან შეხვდნენ როგორც პრემიერს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესაც.
„იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ არის გარკვეული მცდელობა იმის, რომ აწეული იყოს ტემპერატურა და ამან გამიწვიოს რაღაც ტიპის დაპირისპირება სამოქალაქო ჯგუფებს შორის, მნიშვნელოვანია ჩვენი ხმა პირდაპირ მივიტანოთ მაღალი თანამდებობის პირებთან,“ - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი, საქართველოს პრესის ასოციაციის დირექტორის ლაშა ტუღუშის შეფასებით, არსებულმა სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც ცუდ ამბებს მოიტანს ქვეყანაში.
„იმ კაბინეტებიდან კარგად არ ჩანს ის სავალალო ვითარება, რომელიც დღეს არის ქვეყანაში,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, არსებობს დიდი რისკები იმისა, რომ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება.