როინ შავაძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მედიასთან კომენტარი საქმის პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამ გააკეთა.
პროკურორი ამბობს, რომ მოწმის ჩვენებებით დასტურდება, რომ ორმა ბრალდებულმა, უფროსის მოწოდების საფუძველზე, პირდაპირ გაისროლეს სერჟანტ როინ შავაძის მიმართ და ის უმწეო მდგომარეობაში გარდაიცვალა.
"მკვეთრად დასტურდება მოწმის პირდაპირი ჩვენებებით, რომ აღნიშნულმა ორმა ბრალდებულმა, უფროსის მოწოდების საფუძველზე, პირდაპირ გაისროლეს სერჟანტ როინ შავაძის მიმართ და ის უმწეო მდგომარეობაში გარდაიცვალა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და თუ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ რაიმე შედეგი იქნება, ეს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი,“ - ამბობს პროკურორი, ქეთევან ჩაჩავა.
შეგახსენებთ, რომ როინ შავაძის საქმეზე ბრალდებულებს, აჭარის კუდ-ის ყოფილ სპეცრაზმელებს - ასლან ინაიშვილსა და გელა გვიანიძეს, ასევე, მალხაზ აბულაძეს, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, სწორედ ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე მონაწილეობდნენ სერჟანტის ჯერ უკანონოდ დაკავებაში და შემდეგ - სასტიკ მკვლელობაში.
გამოძიების მიხედვით, აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძეს წინა ხელისუფლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აბრალებდა. 2008 წელს, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში მისი დაკავება ნარკოდანაშაულის მოტივით, მკვლელობა კი - წინააღმდეგობის გაწევით ახსნეს. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ საქმე თავდაყირა დააყენა. რეზონანსულ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც 15 წლის წინ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს.