"რომ გითხრათ, რომ გახარებული და ბედნიერი ვარ - არა, მე ვერასდროს ვერ ვიქნები ბედნიერი, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს. მე მივიჩნევ, რომ სამართალი მაშინ აღდგება, როდესაც იქნებიან დასჯილები დამკვეთები ის ძებნილები, რომლებიც, ჯერჯერობით, არ დაუჭერიათ," - ეს განცხადება როინს შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.
ციცინო შავაძე მიიჩნევს, რომ მისის მეუღლის მკვლელობის დაკვეთა "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებიდან მოდიოდა.
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა ეს ზემოდან, ვინც იყო ხელისუფლებაში. მე ვერ დავადებ ვერავის ხელს, ვერ ჩამოვთვლი სახელებს და გვარებს. რა თქმა უნდა, ის თანამდებობის პირები, რომელთაც ეხებოდათ ეს საქმე.
[როინ შავაძემ] იცოდა ის სიმართლე, რაც ნახა ალბათ ომში - მეტი, როინ შავაძეს არანაირი დანაშაული არ ჰქონია ცხოვრებაში. არ იყო კმაყოფილი ომის - როგორ მიატოვეს მებრძოლები ომის ველზე. იცოდნენ, რომ არ გაჩერდებოდნენ. ვფიქრობ, ის დასაჯეს და სხვებსაც აჩვენეს, რომ თუ ვინმე რამეს გაბედავდა, მათაც ასეთი დღე ელოდათ," - აცხადებს როინ შავაძის მეუღლე, ციცინო შავაძე.
შეგახსენებთ, რომ როინ შავაძის საქმეზე ბრალდებულებს, აჭარის კუდ-ის ყოფილ სპეცრაზმელებს - ასლან ინაიშვილსა და გელა გვიანიძეს, ასევე, მალხაზ აბულაძეს, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, სწორედ ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე მონაწილეობდნენ სერჟანტის ჯერ უკანონოდ დაკავებაში და შემდეგ - სასტიკ მკვლელობაში.
გამოძიების მიხედვით, აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძეს წინა ხელისუფლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აბრალებდა. 2008 წელს, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში მისი დაკავება ნარკოდანაშაულის მოტივით, მკვლელობა კი - წინააღმდეგობის გაწევით ახსნეს. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ საქმე თავდაყირა დააყენა. რეზონანსულ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც 15 წლის წინ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს.