რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე, აქციაზე და სასამართლო პროცესის მიმდინატრეობაზე BBC წერს.
"ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის ქმედებების გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან შეიკრიბნენ, რომელიც დაყადაღებულია მმართველობისთვის დავის პროცესში.
პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას მედიის თავისუფლების შელახვაში ადანაშაულებენ. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისინი გააფრთხილა, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას პროტესტის მიმდინარეობისას ის მკაცრად უპასუხებს. ზოგიერთ დემონსტრანტს ხელში ეკავა პლაკატები წარწერით “ხელები შორს რუსთავი 2-სგან”, და “რუსთავი 2 ეკუთვნის ხალხს”.
რუსთავი 2-ის ქონება დაყადაღებულია საკუთრებისთვის დავის გამო აგვისტოს შემდეგ, რამაც გამოიწვია შიში, რომ მმართველმა კოალიცია ქართულმა ოცნებამ შესაძლოა არხის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და მის საქმიანობაში ჩაერიოს. ზაფხულში სასამართლომ დააყადაღა ტელეკომპანიის აქტივები მას შემდეგ, რაც კოალიციასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა სასამართლოს სარჩელით მიმართა.
მთავრობის ოპონენტები და არხის მფლობელები აცხადებენ, რომ არხის დაგეგმილი დახურვა ნაწილია იმ კამპანიისა, რაც პრესის გაჩუმებას ისახავს მიზნად მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას. “ხელისუფლებამ გადაწყვიტა ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2 იმ ადამიანის საშუალებით, რომელიც მისი კონტორლის ქვეშ არის, რაც ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ტელევიზიის დახურვის ტოლფასია,“ - განუცხადა რუსთავი 2-ის დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა AFP-ს - “ეს დაასრულებს მედიაპლურალიზმს საქართველოში და საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას”, - დასძინა მან.
ოთხშაბათს, არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მთავრობის შუამავალი მას დაემუქრა იმ ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებით, სადაც აღწერილია მისი პირადი ცხოვრება. სანაცვლოდ ის უნდა გადამდგარიყო. საქართველოს პროკურატურამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. რუსთავი 2, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა, საქართველოს უდიდესი და ყველაზე პოპულარული ტელევიზიაა," ნათქვამია სტატიაში.