შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. უწყების პრესსპიკერმა, მარკ ტონერმა, კომენტარი ყოველდღიურ ბრიფინგზე გააკეთა.
ტონერის თქმით, ვაშინგტონისთვის საქართველოში ყველაზე დიდი ტელეარხის დახურვა ან პოტენციური დახურვა შეშფოთების მიზეზია და ეს მნიშვნელოვნად შეავიწროვებს მედია სივრცეს ქვეყანაში.
მარკ ტონერმა თავი შეიკავა საქმის სამართლებრივ მხარეზე კომენტარისგან, სანამ პროცესი არ დასრულდება, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად უდგება ყველა ისეთ ქმედებას, რომელიც მედია პლურალიზმის საფრთხის ქვეშ ყოფნის შთაბეჭდილებას ტოვებს.
მარკ ტონერი მიესალმება პრეზიდენტის მოწოდებას მშვიდობიანი დებატებისკენ, ასევე ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, რომელიც კონტროლისა და ბალანსის მექანიზმს უკავშირდება.
„ყველაზე დიდი ტელეარხის დახურვა ან პოტენციური დახურვა, მნიშვნელოვნად შეავიწროვებს საქართველოში მედია სივრცეს და ეს შეშფოთების მიზეზია. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც ტოვებს მედია პლურალიზმთან დაკავშირებით კომპრომისის შთაბეჭდილებას. ჩვენმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ეს საქმე უკვე განიხილა პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან,"- განაცხადა მარკ ტონერმა.