შსს-ს მიერ აღძრული საქმის მაქსიმალურად გამჭვირვალედ გამოძიებას ითხოვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ამის შესახებ განცხადება საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ გამოძიების პარალელურად მედიის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას და მის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე არ უნდა შეექმნას.
„მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს გამოძიება იმისათვის, რომ ის ეჭვები რომელიც შეიძლება გაჩნდეს და უკვე არის გარკვეული კითხვები, მაქსიმალურად დაბალანსდეს გამჭვირვალე გამოძიებით. გასაგებია, რომ სპეციფიური გამოძიებაა დანაშაულის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მაგრამ ძალიან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი და რაც უფრო ჩაკეტილი იქნება გამოძიება მით უფრო მეტი კითხვის ნიშნები იქნება მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. რა ზომებიც არ უნდა მიიღოს სახელმწიფომ, მედიის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას და მის სარედაქციო პოლიტიკას არ უნდა შეექმნას არავითარი საფრთხე,“ - ანა ნაცვლიშვილი.
ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით საქმე აღძრა, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელწმიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.