რუსთავი 2-ის საქმესა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე კონსულტაციების გამართვის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივაზე მმართველი გუნდის მხრიდან ნათქვამ უარს ოპოზიცია ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობას უწოდებს. ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.
„სურათი ქვეყანაში ივანიშვილის სამწლიანი მმართველობის შემდეგ არის ეკონომიკური კრიზისის, ქვეყნის გაღარიბების, კოლაფსის და ინსტიტუტების მორღვევის და სრული უპატივცემულობისა. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ არც მიკვირს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ კიდევ ერთხელ იჩენენ ასეთ უპატივცემულობას,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
თავისუფალი დემოკრატები კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი ადეკვატურად აღიქვამს არსებულ ვითარებას და ბუნებრივია ინტერესდება რა პოზიციები აქვს მთავრობასა და პარლამენტს.
„პრეზიდენტი აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებს არსებულ ვითარებას, უნდა მას მეტი კომუნიკაცია მთავრობასთან, პარლამენტთან იმისათვის რომ გაიგოს რა განცდებია და როგორ ხედავს თვითონ მთავრობა და პარლამენტი ამ ვითარებაში გამოსავალს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ ვითარებაში არ უნდა შეხვდეს პრეზიდენტს იმიტომ, რომ მათ უნდათ ორი ფერი - ერთი უნდა იყოს ქართული ოცნება, მეორე ნაციონალური მოძრაობა, და მათ შორის უნდა იყოს დაპირისპირება და პრეზიდენტის ადგილი აქ არ არის,“ - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.