საქმეზე "ქიბარ ხალვაში რუსთავი 2 ის წინააღმდეგ" – კიდევ ერთი და სავარაუდოდ დასკვნითი პროცესი, ორშაბათს 11 საათზე უნდა გაიმართოს.
სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მოპასუხე მხარის 10-ზე მეტი შუამდგომლობიდან მხოლოდ ერთი და ისიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თამაზ ურთმელიძემ 5-ჯერ არ დააკმაყოფილა საქმიდან მისი აცილების შუამდგომლობაც.
ყარამანიშვილებისა და რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოსამართლე ურთმელიძეს ზიანის უზრუნველყოფის შუამდგომლობითაც მიმართეს. მათი ინფორმაციით ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს დაყადაღებით მხარემ სერიოზული ფინანსური ზიანი მიიღო. უკვე დაანგარიშებულია, რომ 2 თვიანი ყადაღის პირობებში მიღებული ზიანი რამდენიმე ასეულ ათას დოლარს აღწევს.
იურისტებმა მოსამართლეს თხოვნით მიმართეს, რომ მან დაავალდებულოს მოსარჩელე ქიბარ ხალვაში აღნიშნული თანხა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს, რათა დავის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში ხალვაშს მისი ანაზღაურება მოსთხოვონ. ამ შუამდგომლობაზე პასუხს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ორშაბათის სხდომაზე გაახმაურებს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი