რუსთავი 2-ის საქმე საერთაშორისო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიმდინარე საქმის პარალელურად მუდმივად კეთდება განცხადებები.
რუსთავი 2-ის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებებს აკეთებს. გზავნილი ამერიკიდან პირველივე განცხადებისთანავე სრულიად გასაგები იყო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოითხოვს პროცესები მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების დაცვით წარიმართოს.
რუსთავი 2-თან დაკავშირებით არაერთხელ ისაუბრა ამერიკის ელჩმა საქართველოში. იან კელიმ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან წარმატებული იქნება, ამის ერთ-ერთ მთავარ გარანტად ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების და პლურალისტული მედია გარემოს დაცვა დაასახელა.
რუსთავი 2-ის საქმეზე სხვა დიპლომატებიც საუბრობენ. მათ შორის ბრიტანეთის ელჩის განცხადებაც არის, რომელმაც თქვა, რომ საქართველომ დემოკრატიის ტესტი სწორედ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ საქმეზე უნდა ჩააბაროს, ამისათვის კი აუცილებელია რომ ქვეყანაში კრიტიკული აზრი ისმოდეს.
საქართველოსი მიმდინარე პროცესები განსაკუთრებით მედია თავისუფლების მხრივ მკაცრად შეაფასა ევროპის სახალხო პარტიამ. სახალხო პარტია ყურადღებას არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სხვა არხებზე დახურულ პოლიტიკურ თოქ-შოუებზეც აკეთებს. ოფიციალური განცხადება გაავრცელა ეუთომაც.
რუსთავი 2 განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღეა უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია. სტატიები ყველაზე პოპულარული და რეიტინგული არხის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლასთან დაკავშირებით იწერება მსოფლიოს წამყვან მედია გამოცემებში.
ავტორი: ეკა გაგუა